ლონდონში მდებარე საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის შტაბ-ბინაში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის II ჯგუფის წილისყრა შედგა. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები პირველ რაუნდში დანიას ეთამაშება. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ-დანიურ დაპირისპირებას საქართველო უმასპინძლებს.
ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მე-3 ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს დამაჯერებლად სძლიეს.
დანიამ კი, რომელიც I ჯგუფში თამაშობდა, რუსეთთან, ესპანეთთან და შვედეთთან წააგო და მე-2 ჯგუფში დაქვეითდა. II ჯგუფის პირველ წრეში 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ რაუნდის მატჩები 2016 წლის 4-6 მარტს შედგება. თუკი საქართველოს ნაკრები დანიასთან წარმატებით ითამაშებს, მე-2 წრეში, 16-18 სექტემბერს, ზიმბაბვეს და ფინეთს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. 2017 წლისთვის ევრო/აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას II ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, უარესი ოთხეული კი III ჯგუფში დაქვეითდება.