ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ “გურია ნიუსთან”, ორიოდე წუთის წინ, კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი რამ.
_ დღეს ჩვენ გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით და ჩავაყენეთ საქმის კურსში დიპლომატები. მან ამ შეხვედრის დასაწყისშიც გააკეთა განცხადება ქართული მედიისთვის და _შეხვედრის ბოლოსაც. გარდა ამისა, ჩვენი იურისტები აპირებენ ამ საქმის იურიდიულ ჭრილში გადატანას იმიტომ, რომ ის უწყებები, რომელიც მიდის კონკრეტულ ადამიანებთან, არის გაყალბებული, არ არის შედგენილი კონტროლის პალატის ნამდვილ ბლანკზე, არ აწერია თარიღი, არ აწერია ნომერი, მოგელაძის მოადგილის ხელმოწერა ერთ მუნიციპალიტეტში სხვანაირია და მეორეში _ სხვანაირი, რაც იმას მოწმობს, რომ გამომგზავნის ხელმოწერილი არ არის, არამედ ამას ვიღაცა აკეთებს სადღაც სხვაგან. აქედან გამომდინარე, ყოველივე ამას, ერთია, რომ სამართლებრივად შევებრძოლებით და მეორე _ დიპლომატიურ კორპუსს ჩავაყენებთ საქმის კურსში. _ თქვა მაია ფანჯიკიძემ “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში.