თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მიერ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო.
"2015 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო საამართლოში განზრახ მკვლელობის, ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემის ფაქტებზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ გიორგი იორამიშვილის მიმართ.
ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად ჩატარდა 9 სხდომა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან საქმის არსებით განხილვაში.
ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.
დღესვე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს.
მომდევნო სხდომა, რომელიც 2015 წლის 11 ნოემბერს, 10:30 საათზე გაიმართება, მტკიცებულებათა გამოკვლევივით განახლდება", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.