"შესაძლოა, ფრიდონ ჰაუსს აქვს გარკვეული შენიშვნები"_ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის მიერ გაკეთებულმა ამ კომენტარმა საზოგადოების რეაქცია გამოიწვია.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიროტაძეს საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House კონკრეტული პიროვნება გონია.
_ თუ ამ ვიდეო კომენტარის გავრცელებით ვინმეს იმის დამტკიცება უნდა, რომ Freedom House-ის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ის ორგანიზაციაა, ძალიან ცდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტი ვარ, რომელიც სამართლის სფეროში მუშაობდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მიროტაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო:
_ როცა კომენტარს ვაძლევდი და ეს ყურში მომხვედროდა, რასაკვირველია, გავასწორებდი იმ წუთშივე. ეტყობა, არ მივაქციე ყურადღება. იქნება, ხმის იოგებმა მიმტყუნა ასეთ დროს, ხომ შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს?! ჩემი აზრით, უხერხულია ცოტა ამაზე ყურადღების გამახვილება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ანი მიროტაძემ.