შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფოთის საქალაქო სამმართველოში “რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გაიოზ ქინქლაძის ვაჟის, რევაზ ქინქლაძეს მოწმის სტატუსით დაკითხვა დასრულდა. დაკითხვა საღამოს 18 საათზე დაიწყო და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. დაკითხვიდან გამოსულმა რევაზ ქინქლაძემ კომენტარი არ გააკეთა. მის უფლებებს, დაკითხვის პროცესში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ადვოკატი, რაჟდენ ხიმშიაშვილი იცავდა.
ადვოკატის განცხადებით, არსებითი კითხვები არ დასმულა და ძირითადად, გამომძიებელი იმით იყო დაინტერესებული, თუ რატომ არ მივიდა კონტროლის პალატის წარმომადგენელთან ახსნა-განმარტების მისაცემად ქინქლაძე: „სისხლის სამართლის საქმის ძიება რაზეც დაიწყო, ყოველგვარ სამართლებრივ შეფასებას მოკლებულია, თუნდაც იმიტომ, რომ რევაზ ქინქლაძე არ ყოფილა გაფრთხილებული, თუ რა სტატუსით იყო დაბარებული და თუ ჩვენებას არ მისცემდა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. ზოგადად, ამ ფაქტის ირგვლივ, კონტროლის პალატის შესახებ კანონის თანახმად, ადამიანი შეიძლება დაჯარიმდეს 1 000 ლარით და სისხლის სამართლის ქმედების ელფერის მიცემა ამ საქმისთვის, უადგილოც კია“, _აცხადებს ხიმშიაშვილი, რომლის განცხადებითაც, გამოძიების ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას კიდევ შეუძლია ქინქლაძის გამოძახება მოწმის სტატუსით.
ადვოკატისვე განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 348-ე მუხლით, რომელიც ქინქლაძის წინააღმდეგ აღიძრა, სასჯელს ერთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
რევაზ ქინქლაძის წინააღმდეგ შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩვენებაზე მიცემის უარის თქმისთვისაა აღძრული. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს რევაზ ქინქლაძე დაბარებული იყო ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში კონტროლის პალატის წარმომადგენლებისთვის ახსნა-განმარტების მისაცემად, თუმცა, არც ის და არც მისი ოჯახის დანარჩენიწევრები დაკითხვის ადგილზე არ მისულან.