სოფო ნიჟარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისევ იბარებენ:
"დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო?
სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია!
შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!" _ წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ საიტზე გავრცელდა ჩანაწერები, სადაც მომღერალი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. ჩანაწერში სააკაშვილი ნიჟარაძეს ეუბნება, რომ მალე საქართველოში სისხლისღვრა დაიწყება. ამავე ჩანაწერის მიხედვით, ნიჟარაძე შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს.
ჩანაწერებს, ნიჟარაძემ ფსბ-ს მიერ დამონტაჟებულ სიყალბე უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის "ღირსების შელახვა და ქვეყნის ტალახში ამოსვრა სურთ".
ჩანაწერებთან დაკავშირებით მომღერალი ერთხელ უკვე დაიკითხა.