დღეს ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის საიუბილეო 165 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში შედგა. სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ ისაუბრა სკოლის ღირსეულ ტრადიციებზე, აქ აღზრდილ უამრავ სახელოვან მამულიშვილზე.
"ჩვენს სკოლას შეჩერებული ჰქონდ ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელი. მისი ბიუსტი სკოლის წინ დღესაც დგას. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით , სკოლას კვლავ ვუწოდებთ მწერლის სახელს და იგი ამიერიდან კვლავ ნოდარ დუმბაძის სახელობის იქნება," _ თქვა ფატი სიორიძემ.
სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა წარმოადგინეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ღლონტის მიერ შექმნილი სცენარით მომზადებული პროგრამა.
სტუმრად მყოფმა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ აღფრთოვანებული დარჩა ნანახით. "ასეთი მასწავლებლებით მიუღწეველი არაფერი დარჩება ამ ქვეყნად", _ თქვა მან.
საიუბილეო ზეიმს ესწრებოდნენ გურიის გუბერნიის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.






























































