საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.
"რუსთავი 2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა კანონს განმარტავს.
შეგახსენებთ, რომ უდუმაშვილმა და გვარამიამ თითქოს-და არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე) ისაუბრეს.
ნოტარიუსთა პალატის განმარტებით, "სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები. მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს. ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას, სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა", _ ნათქვამია ნოტარიუსთა პალატის გუშინდელ განცხადებაში.
შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საშიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს.



































































