გუშინ ღამით მომხდარი სტიქიის შედეგად ქალაქ ოზურგეთში მრავალბიანიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ქარმა წააქცია რამდენიმე ხე , რომელთაგანაც ერთი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიას დაეცა და სახურავი დაუზიანა.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ყველა დაზიანებული მონაკვეთი მოინახულეს, შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
გუშინ ღამით მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ქალაქის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს შეისწავლის და უკვე შემდგომ ქალაქის მერია ზარალის ანაზღაურებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით საქართველოს მთავრობას მიმართავს.


(R)





























































