არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს წევრს ვაჟა ოთარაშვილს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სიძულვილის ენის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
"მოგეხსენებათ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციის თანახმად სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. ბ-ნი ვაჟა ოთარაშვილის მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს "ნახირებად" მოიხსენიებს, რითაც შეურაცხყოფს მათ გონებრივ შესაძლებლობას, თითქოსდა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს არ გააჩნიათ საღი აზრი, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა.
სამწუხაროა, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის მხრიდან იქნა გაკეთებული, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პარტიის წევრს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პოტენციურ დამცველად და გარანტად გვევლინება, უპირატესად ევალება პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და თავი შეიკავოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისაგან, ნაცვლად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გაუჩინოს შეგრძნება, რომ საქართველოს სახელმწიფოს სრულფასოვანი მოქალაქეები არ არიან.
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" გმობს მსგავსი ტიპის განცხადებებს, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენის გამოხატულებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას რაიმე ფორმით ზიანს აყენებს ქვეშ აყენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს მომხდარი ფაქტით დაინტერესებისა და ადამიანთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ამუშავებისკენ მოუწოდებს", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში






























































