სტიქიამ გურიაში გზები, ხიდები, მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა საავტომობილო ხიდს ბოძი გამოაცალა.
ამ დროისთვის, ხიდზე გავლა, როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის აკრძალულია.
დღეს ხიდისთავში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამართველოს უფროსი ვასილ კაპანაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.
გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ხიდის აღდგენა წყლის დონის დაწევის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიწყება.
შედეგების აღმოსაფხვრელად გუბერნიაში და მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს.
































































