ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხთუთში მცხოვრები გ.თ.-ს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ტ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ახლობლებთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებულ გიორგი თ-ს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, დაჭრილს მედიკოსებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. გიორგი თ, მკურნალობას ოზურგეთის ცამედიცინო ცენტრში გადის.
გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).





























































