უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ვილაიეთი არ შექმნილა. ეს არის ტყუილი", – ასეთი განმარტება გააკეთა დღეს გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", – ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
"ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ",- წერს "დოიჩე ველე".
გარდა ამისა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებაც განაცხადა.