საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ოზურგეთში სახალხო დამცველის გურიის ოფისი გახსნა.
ოფისის გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს ასეთ ვიწრო წრეში მოხდა სახალხო დამცველის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა. ჯერჯერობით, ერთი ოთახი გვაქვს, მაგრამ იმედია, ეს დროებითი იქნება და უფრო გავიზრდებით. ოფისის გახსნამდე ყველანაირად ვცდილობდით, მოსახლეობის წერილებსა და პრობლემებზე რეაგირება მოგვეხდინა. დაახლოებით, სამი თვეა, რაც ჩვენი საკონტაქტო პირი _მაკა მალაყმაძე დავნიშნეთ გურიის რეგიონში", _ თქვა უჩა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილის თქმით, აუცილებელი გახდა ოფისის გახსნა, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, მოვიდეს და საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები მიიღოს.
"შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტად გავაქტიურდებით და მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება", _ აღნიშნა ნანუაშვილმა.
გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, ხელისუფლებას ოფისთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ექნება:
"მე, პირადად, კარგად ვიცი, რა არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ახლა მომეცა საშუალება და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რასაც პოლიტპატიმრების მიმართ იჩენდით. გარკვეულწილად, თქვენი დამსახურებაცაა, რომ 2013 წლის 13 იანვარს მე გავთავისუფლდი ციხიდან.
გურიაში არის პრობლემები, უფრო მეტად ეს ეხება სოციალურ ფონს, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება. მთავარია, ადამიანის უფლებები არ შეილახოს და არ განმეორდეს ის სისტემური დანაშაული, რომელსაც ადრე ჰქონდა ადგილი", _ თქვა გია სალუქვაძემ.
სახალხო დამცველმა ოფისის გახსნაზე გურიის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილა და გურიის გუბერნატორს, ოზურგეთის მერს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ოზურგეთის გარდა, სახალხო დამცველის ოფისები მოქმედებს ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. ამასთან, სახალხო დამცველს სხვადასხვა რეგიონში ჰყავს საკონტაქტო პირები, რომლებიც უფლებათა დარღვევების ფაქტების არსებობის შემთხვევაში, აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობენ ომბუდსმენის ოფისთან.