ჯუნეწერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალაქ ლანჩხუთთან ყველაზე ახლომდებარე სოფელია _ იგი გვიმბალაურის ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შედის. დროდადრო წამოიჭრება სოფლის სტატუსის გაუქმებისა და მისი ქალაქთან მიერთების საკითხი, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა ამ სოფლის ქალაქად ქცევა.
ახლახან დამთავრდა ქუჩების სახელწოდებებისა და ნუმერაციის საკითხის განხილვა და სოფელში არსებულ ოთხიოდ ქუჩას სახელები მიენიჭა. მაგრამ ჯერ არსად ჩანს სახელწოდების აღმნიშვნელი აბრები.
ამ პატარა სოფელს, სხვა ბევრის მსგავსად, აწუხებს წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები.
ოთხი წლის წინ, წინასაპარლამენტო არჩევნების პერიოდში, აქაურებს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად გამგებელი ესტუმრა და სოფელს ურჩია, პრიორიტეტად წყლის პრობლემის მოგვარება აერჩიათ. გამგებელმა პირობა დადო, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა წყლის საკითხი _ გამოიცვლებოდა ძველი მილები, მოხდებოდა სათავე ნაგებობის აღდგენა-განახლება. მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა, უკვე ახალიც გვიახლოვდება, წყლის საკითხი კი აქაურებისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება _ ზამთრობით სამ დღეში ერთხელ მოდის, ზაფხულობით კი სოფელი უწყლობით იტანჯება.
სოფელს არც წესიერი გზა აქვს _ წლების განმავლობაში ვერ ხერხდება გზის მოხრეშვა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება. გასულ წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, ისე, რომ ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავთ, კლუბი გაარემონტეს. ნამდვილად კარგია, სოფლის ცენტრს ლამაზი შენობა რომ ამშვენებს, მაგრამ იგი გარედან მტერს უბრმავებს თვალებს, შიგნით კი _ მოყვარეს: კლუბის გარემონტებაზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა, მაგრამ შენობაში ყველაფერი გასაკეთებელია.
მოსახლეობის ყველაზე დიდი სატკივარი უმუშევრობაა _ მამაკაცების დიდი ნაწილი არ მუშაობს, თუ არ ჩავთვლით საყანე ფართობების დამუშავებას, თუმცა, ხშირად მოსავალი იმდენად მცირეა, რომ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. აქაურების ერთადერთ იმედად უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა რჩება _ თითქმის ყველა ქალი თურქეთშია სამუშაოდ წასული, ოჯახი რომ არჩინოს.
ყოველი გაზაფხულის დადგომისას ერთი და იგივე პრობლემა იჩენს თავს _ ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა თითქმის არ არსებობს, კომუნისტური ეპოქიდან შემორჩენილი ორიოდე ტრაქტორი კი ისე ხშირად ფუჭდება, რამდენიმე კვირა უწევს გლეხს ლოდინი, რომ როგორმე მიწა დაამუშაოს.
ჯუნეწერში ციფრული მრიცხველებიც დააყენეს და ქუჩებიც გაანათეს, მაგრამ ტრანსფორმატორის გაუმართავობის გამო, მცირე უამინდობის შემთხვევაშიც კი ითიშება ელექტროენერგია. სოფელს არა აქვს იმის საშუალება ტრანსფორმატორი გამოცვალოს ან დახურულ შენობაში მოათავსოს.
ახალგაზრდებს გართობის არანაირი საშუალება არ აქვთ _ “ახალგაზრდული ცენტრი” მხოლოდ ქაღალდებში არსებობს, რეალურად კი არანაირი ცენტრი არ ფუნქციონირებს.
როგორც აღვნიშნეთ, სოფელი სულ ორიოდე კილომეტრითაა მოშორებული ქალაქ ლანჩხუთს, მაგრამ აქაურების მცდელობის მიუხედავად, არ მოხერხდა ინტერნეტის შემოყვანა _ კომპანია ტერიტორიულ სიშორეს იმიზეზებს. ასე რომ, ცივილიზებული სამყაროს გლობალური ქსელის პრივილეგიებით ჯუნეწერელი ბავშვები და ახალგაზრდები ვერ სარგებლობენ.