დაახლოებით ერთი თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სმარტფონების ბაზარს “Pepsi”-ს სახით ახალი მოთამაშე შეემატებოდა. ამ დღეებში გაზიანი სასმელების კომპანიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თავისი პირველი სმარტფონის „Pepsi Phone P1“-ის პრეზენტაციაც ოფიციალურად მოახდინა. გაჯეტების უმრავლესობისგან ის არა მარტო სამარკო ნიშნით, არამედ ტექნიკური მახასიათებლით და ფასითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„Pepsi Phone P1“ ალუმინის კორპუსის, დიაგონალში 5,5 დიუმიანი დისფლეის და 1920×1080 პიქსელი გაფართოების მქონე სმარტფონი გახლავთ. მასში MediaTek MT6792-ის 8 ბირთვიანი პროცესორია მოთავსებული, რომლის სიხშირეც 1,7 გიგაჰერცს, ოპერატიული 2 გიგაბაიტს, ხოლო შიდა მეხსიერება – 16 გიგაბაიტს შეადგენს. წინა პანელზე 5 მეგაპიქსელის, ხოლო უკანა პანელზე – 13 მეგაპიქსელის მქონე კამერაა განთავსებული. აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა 3000 ამპერ-საათია.
ამ მომენტისათვის მოწყობილობის შეკვეთა სპეციალურ რესურსზე მხოლოდ ჩინელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. პირველად გამოშვებული ათასი ცალი „Pepsi Phone P1“-ის ღირებულება 110 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომში – 203 აშშ დოლარი იქნება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved