გურიაში, ორშაბათიდან ისევ განახლდა ცნობილი ეგზეკუცია. კონტროლის პალატის მიერ გახორციელებული დაკითხვები, ამჯერად პოლიციაში გრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი ირინა მდინარაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ 10 წელია, აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესებში. იგი დღეს, 12 საათზე გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის განყოფილებაში დასაკითხად დაიბარეს.
როგორც ქალბატონი ირინა ამბობს, მას უთხრეს, რომ თვალთმაქცურ გარიგებაში გედებათ ბრალიო: _ მე არანაირი უკანონობა არ ჩამიდენია. და თუ ხელმოწერების შეგროვება უკანონობაა, მაშინ რატომ მისცეს ხვედელიძეს მოქალაქეობა და რატომ დამიქვითეს საშემოსავლო თანხა მიღებული ხელფასიდან?
პოლიციაში დასაკითხად შესული ირინა მდინარაძე შეგვპირდა, რომ გამოსვლის შემდეგ შეგვხვდება და ინფორმაციას მოგვაწვდის.