დაახლოებით, ერთი კვირის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში დარეგისტრირებული ყველა ტაქსი აღწერეს. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” რამდენიმე ტაქსის მძღოლმა დაუდასტურა.
_ გაუგებარია, რატომ აკეთებენ აღწერას. მოვიდნენ და ჩაიწერეს პირადი მონაცემები, ასევე, ჩვენი მისამართები. როცა ვკითხეთ, რისთვის სჭირდებოდათ, გვპასუხობდნენ, ტაქსების აღწერას ვაკეთებთ, გვაინტერესებს, ოზურგეთში სულ რამდენი ტაქსიაო. იქნებ, თქვენ გაგვაგებინოთ, რაში სჭირდებოდათ პოლიციელებს ჩვენი პირადი მონაცემები? ესეც არჩევნებს უკავშირდება? ეს კი ვიცით, რომ ადრე, როცა მიტინგები და აქციები ტარდებოდა, ტაქსისტებს აფრთხილებდნენ, არ გადაიყვანო მოქალაქეები, თორემ პრობლემები შეგექმნებათო, ახლა რაშია საქმე? _ გვითხრეს მათ.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, “გურია ნიუსი” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის უფროსს ზვიად სვანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მისივე თქმით, საქმის კურსში არ აღმოჩნდა.
_ბატონო ზვიად, ჩვენი ინფორმაციით, ოზურგეთში თქვენი თანამშრომლების მიერ, ტაქსისტების აღწერა მიმდინარეობს, იქნებ, გვითხრათ, რას უკავშირდება ეს ფაქტი?
_არ ვარ საქმის კურსში, 10 წუთში დამირეკეთ, ყველაფერი მეცოდინება და ინფორმაციასაც მოგაწვდით, _ გვითხრა სვანიძემ.
თუმცა, შემდეგ, სვანიძემ ჩვენს ზარს, არა ერთი მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა. სავარაუდოდ, ის ზემდგომებს დაუკავშირდა და “გურია ნიუსისთვის” ინფორმაციის მიწოდებაზე სასტიკი უარი მიიღო.