_თქვენს მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული წერილის და რჩევების შემდეგ, გასულ წელს, წიფლის ხის მორებზე დავთესეთ კალმახა სოკო და შესანიშნავი მოსავალიც მივიღეთ. თუმცა, წელს იმედი გაგვიცრუვდა. იგივე მიცელიუმი დავთესეთ თხმელის მორებზე და სოკო საერთოდ არ ამოვიდა. ვეგეტაციურ წესებს ყოველნაირად ვიცავდით, ვრწყავდით. ეს თხემლის ხის ბრალი ხომ არ არის? _ გვეკითხება მკითხველი.
ჩვენ მივმართეთ ბიოლოგიურ მეცნიერების აკადემიურ დოქტორს მარინა სუნგულიას, ვისი რეკომენდაციითაც გამოქვეყნდა აღნიშნული წერილი.
_ კალმახა სოკოს მოყვანა თხმელის მორებზე ყველაზე მიზანშეწონილია. წლევანდელი ზაფხული იმდენად ცხელი იყო, მიზეზი სხვა არაფერი შეიძლება ყოფილიყო, თუ არა ეს. დარწმუნებული ვარ, ხშირად მორწყავდნენ, თუმცა, წელს იმდენად ცხელი ზაფხული იყო, ხშირი მორწყვის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იყო სოკო არ ამოსულიყო, რადგან ასეთ დროს, ხის მორზე წყალი მაინც ადვილად შრება. ამიტომ აუცილებელია მალ-მალე დაკვირვება, ხომ არ გამოშრა მორი. შესაძლოა, რაკი ძალიან ცხელოდა, ზედმეტადაც მორწყეს. მორი წყალში არ უნდა ატივტივდეს. თუმცა, ეს ნაკლებად სარწმუნოა. მე წელს ბახმაროში ვისვენებდი და პირველად ვნახე, რომ სოკო არსად იყო. წვიმა არ ყოფილა და იმდენად ცხელოდა იქაც კი, ტყეში სოკო არ ამოსულა. ასე რომ, ნუ შეშინდებით და ნურც ინერვიულებთ _ თხმელის მორი არაფერ შუაშია. გვალვას სათანადოდ ვერ გაუმკლავდით და ეს სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოთ.