ჩინური კომპანია "ოქროს ქვა", რომლის მიმართაც პრეტენზიები ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას აქვს, ზარალს აანაზღაურებს. საქმე ისაა, რომ გზა, რომლითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს კარიერთან მისასვლელად, საგრძნობლად დაზიანდა მძიმე ტექნიკით სამშენებლო მასალის გადატანის გამო და ადგილობრივ მოსახლეობას გადადგილებისას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგებლის მოადგილე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე პირადად შეხვდნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენელს ჯინგლოგ გაოს, რომელმაც პირობა დადო, რომ აუცილებლად დააკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას და აღნიშნული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. კერძოდ, გზა მოიხრეშება, გაკეთდება დაზიანებული ხიდები, ასევე გაიწმინდება სანიაღვრე არხები.