ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის მემორიალურ მუზეუმში ადმინისტრაციული შენობის შესაცვლელად სამუშაოები იწყება, საამისოდ კი ბიუჯეტში 23 ათასი ლარია გათვალისწინებული.
საქმე ისაა, რომ წლებია სავალალო მდგომარეობაშია მუზეუმის ადმინისტრაციის შენობა, ფაქტობრივად, არ არსებობს ფონდსაცავი და იგი ერთ-ერთ კერძო ოჯახშია განთავსებული. პრობლემის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის პირველ პირებს და მათგან სათანადო რეაგირებას ითხოვდა, თუმცა, სამწუხაროდ აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
გასული წლის ბოლოს იყო დაპირება, რომ ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ადმინისტრაციული შენობისა და საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციას საქველმოქმედო ფონდ "ატუ" განახორციელებდა, თუმცა, მიზეზთა გამო ეს პირობა ვერ შესრულდა.
"წლებია ამ მუზეუმს ადმინისტრაციული შენობის პრობლემა გააჩნია. გამგებელთან ერთად ადგილზე მოვინახულეთ თუ რა მდგომარეობაა აქ. ძველი შენობის დემონტაჟი უკვე იწყება და მის ნაცვლად ახალი ბელეტაჟის შენობის დადგმა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციის გარდა, მუზეუმის ფონდსაცავიც განთავსდება. გარდა ამისა, შეკეთდება მუზეუმის შესასვლელში არსებული გაბიონი, რომელიც ძლიერმა წვიმებმა დააზიანა. შენობის პროექტი უკვე შედგენილია და მალე ტენდერიც გამოცხადდება", -განაცხადა ჩვენთან საუბარში ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ტაბიძემ.