"ამაზრზენი და ცინიკური ძალადობრივი აქტის გამო, ყველა ჩოხატაურელი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხელისუფლებაში ვართ, თავმოყვარეობაშელახულია, გარდა ზაალ მამალაძისა, რადგან მან და მისმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ. რას შეძლებს ხელისუფლება? _ ამ კითხვას დროზე უნდა გაეცეს პასუხი" _ ასე გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღებას სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთად. ზაალ მამალაძის მეუღლე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა იმ დროს პაციენტს ელოდებოდა:
_ პაციენტებს ველოდებიდი. დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და ზაალი იკითხეს. კარი გავაღე თუ არა შემოიჭრნენ იარაღებით, _ იხსნებეს ნინო მამალაძე.
ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზაალ მამალაძეს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ნინო მამალაძის მიმართაც.
თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ოჯახის წევრები დააბეს და მიმდებარე ტერიტორია ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომობილით დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმ დროს მოხდა, როცა პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც, საფუძვლიანად ამოწმებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.
თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირა.
გატაცებული ავტომობილი, გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, დაახლოებით 16 საათზე სამტრედიაში იპოვეს. ამ დრომდე უცნობია დამნაშავეების ვინაობა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული.