საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს მიესალმა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობი ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს კონფერენციის ლიდერთა ღონისძიების გახსნას დაესწრო. ღონისძიება, რომელსაც 150-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა, რომელიც COP21-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.