ლანჩხუთის კულტურის სახლის სცენაზე ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა.
მაყურებელმა იხილა ლაშა ბუღაძის ერთმოქმედებიანი პიესა "ნაფტალინი", რომლის რეჟისურაც ბათუმის თეატრის მსახიობს დავით წერეთელს, ხოლო მხატვრობა შოთა ჭყონიას ეკუთვნის. სპექტაკლი ქორეოგრაფიულად ირაკლი ჩახვაძემ გააფორმა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი კი ნანა ორაგველიძეა.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაული მართლაც შედგა და ლანჩხუთელმა მაყურებელმა, რომელსაც მრავალწლიანი შესვენების შემდეგ პირველად მიეცა საშუალება ადგილობრივ სცენის მოყვარულთა მონაწილეობით სპექტაკლი ენახა, ძალიან კარგად მიიღო იგი. ყოველი მსახიობის სცენაზე გამოჩენას დარბაზი ოვაციებით ხვდებოდა.