ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს სიტყვა ითხოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და დეპუტატმა დავით მჟავანაძემ. მან საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას და მის მოადგილეს, დიმიტრი კვერღელიძეს მიმართა.
"მე მაქვს ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელსაც გადმოგცემთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და შეიძლება შეცდომა თითოეულ ჩვენთაგანს მოუვიდეს, მაგრამ აქ საქმე უფრო რთულადაა. ადამიანი არაფორმალურად იყო დაქირავებული და მისთვის უნდა გადაეხადათ ანაზღაურება. გადმოგცემთ ამ ასლს და იმედია, მიაქცევთ ყურადღებას."
საქმე ეხება დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის დავით რობაქიძის მიერ 2015 წლის 23 იანვარს გაცემულ ოფიციალურ ცნობას, სადაც წერია:
"გაიცა მასზედ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტი ეკატერინე მინდოდაშვილი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან გასული წლის 2 აგვისტოს. ამის შემდეგ კი იგი 30 დეკემბრამდე თვითნებურად განაგრძობდა სამსახურში სიარულს, თავისი სურვილით მეხმარებოდა დოკუმენტაციის წარმოებასა და შედგენაში" _ რობაქიძემ ცნობა "დანიშნულებისამებრ" გასცა.
სკანდალური დოკუმენტი _ რატომ ეხმარებოდა გარეშე პირი დოკუმენტების შედგენაში გამგებლის წარმომადგენელს
დიმიტრი კვერღელიძემ დავით მჟავანაძეს უპასუხა, რომ თუ ცნობა ორიგინალია, ამაზე იქნება შესაბამისი რეაქცია.
"ჩვენ ეს საკითხი არ გვეხება, მაგრამ გიპასუხებთ, რომ თუ ეს ცნობა არის ორიგინალი, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" – თქვა კვერღელიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსის" ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე" კომენტარი გააკეთა.
"გამგებლის წარმომადგენელმა შეცდომა დაუშვა, ცნობა არასწორად გასცა, თუმცა, ეს არ არის ისეთი დარღვევა, რის გამოც ადამიანმა სამსახური უნდა დატოვოს." – თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.