მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ტელეკომპანიების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებელობაზე გადავიდა, ამ სიაში ამ დრომდე ტელეკომპანია "გურია"არ არის.
"დაახლოებით 20 000 დოლარამდე არის ახლა საჭირო რომ ციფრულზე გადასვლა მოხდეს. იმედი გვაქვს 1 თებერვლამდე მოვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას და გადავალთ ციფრულ მაუწყებლობაზე. 1 თებერვალს გვაქვს ვალდებულება, გამოვაცხადოთ ჩვენი ტექნიკური პარამეტრები და ჩვენს მულტიპლექსზე დაშვების ფასები. ამის შემდეგ 1 მარტს აუცილებლად უნდა ჩაირთოს." -თქვა ჩვენთან საუბრის დროს "გურიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ავთანდილ გველებიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე "გურია" მაუწყებლობს ადგილობრივი ოპერატორის "მადის"მეშვეობით.
"გავდივართ ჩვეულებრივი პროგრამული ბადით, იმ განსხვავებით, რომ საინფორმაციო სამსახური ვერ მუშაობს სრული დატვირთვით. იმის გამო, რომ ჯერ–ჯერობით ვერ ვმაუწყებლობთ ღია ეთერით, დამატებითი ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, რადგან იკლო შემოსავლებმა. "გურია" ფინანსდება მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით. არცერთი კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურისგან ჩვენ რაიმე სახის დაფინანსებას არ ვიღებდით და არც ვიღებთ. ამ ეტაპზე არც რაიმე საგრანტო პროგრამას ვახორციელებთ," – გვითხრა ავთანდილ გველებიანმა.