დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, რომლის დღის წესრიგში ოთხი საკითხი განიხილებოდა. პირველი საკითხის ირგვლივ, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ," ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების თაობაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. კერძოდ, მან დაასახელა კონკრეტული ციფრები, შემოსავლების ნაწილში სპეც. ტრანსფერი 250 ათასი ლარით გაიზარდა, რაც ოზურგეთს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო. წარმოდგენილი პროექტი მთლიანად ითვალისწინებს 2015 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების ზრდას 552904 ლარით, შემოსავლების ნაწილში ტრანსფერები კი შემცირდა 21096 ლარით.
ცვლილება ოპერატიულად მოხდა და ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით ამ პროექტს, _ თქვა მამაკაიშვილმა. მის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
მეორე საკითხი იყო "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ", დადგენილების დამტკიცების თაობაზე დავით დარჩიამ ისაუბრა. კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა შემოიღონ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, ხოლო განაკვეთები იქნება შემდეგი : თითოეულ სამორინე მაგიდაზე -კვარტალში 30 ათასი ლარი, თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 ათასი ლარი, თითეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 60 ათასი ლარი, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მოწყობის თითეულ სალაროზე – კვარტალში 15 ათასი ლარი, თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 ათასი ლარი.
დადგენილება დაამტკიცეს დეპუტატების თანხმობით და ის 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
რაც შეეხება აქტუალურ მესამე საკითხს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთის შესახებ," ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, დავით დარჩიამ ისაუბრა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით სამართლებრივ აქტში ცვლილება არ შევიდა, რადგან წინა სხდომაზეც დეპუტატთა უმრავლესობა შეეწინააღმდეგა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გაზრდას. შესაბამისად აღარ გაიზრდება განაკვეთებიც.
მეოთხე საკითხი შეეხებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების და იჯარით გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების მიღებას. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარმოადგინა აგრარულ სკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ. განკარგულების წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა და ის უპრობლემოდ მიიღეს.