ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დებატები მოყვა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის 50 000 ლარით დაფინანსების საკითხს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ თქვა, რომ კარგი იქნება თვეში ერთხელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სპექტაკლი ჩატარდეს.
" ეს არის ჩვენი კეთილი ნება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თეატრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი იყოს თანხა. აქედან გამომდინარე კარგი იქნება, თუ მოხერხდება თვეში ერთ ან ორ უფასო სპექტაკლს დაესწროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები," – თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ხვიჩა წულაძის თქმით, 50 000 ლარის ფარგლებში კარგი იქნება, თოვლის ბაბუა სოფელში მცხოვრებ ბავშვებს ადგილზე შეხვდეს.
" კარგი იქნება, ყველა სოფელში თოვლის ბაბუა თუ მივა და ცენტრში შეხვდება ბავშვებს. ასე უკეთესი იქნება. ამ თანხით მე პირადად , ორი თვის განმავლობაში შემიძლია შევხვდე ბავშვებს და კარგი საჩუქარიც გავუკეთო, "- თქვა ხუმრობით ხვიჩა წულაძემ გამოსვლის ბოლოს.
დეპუტატ ბიძინა გობრონიძის აზრით, ბავშვებს ქართველი თოვლის ბაბუა უნდა შეხვდეს.
" არ არის საჭირო ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა, კარგი იქნება ქართველი, კავკასიიდან ჩამოსული თოვლის ბაბუა შეხვდეს ბავშვებს. შოკოლადებს ჩვენ ვიყიდით, მთავარია ყველა სოფელში მივიდეს თოვლის ბაბუა." – თქვა ბიძინა გობრონიძემ.