საქართველოსი უსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს სამოქალაქო სექტორმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.
"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გავაკეთოთ განცხადება 2015წლის 2 ნოემბერს ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულვებელყოფით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს, როგორც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას, ასევე შესაბამის შეფასებას მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეწინააღმდეგება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად არის აგორებული და ამას კონკრეტული პირები მართავენ.
როგორც ლევან მურუსიძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა კანონიერ უფლებას მართული პროცესებით ვერ შეუზღუდავენ.