შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება:
_ ფარული პატრულირების შემოღება გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდეოჯარიმების რეჟიმში.
დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს. სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული.
ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე.