სამართალდამცველებმა თბილისის მეჩეთში მომხდარი ქურდობა გახსნეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).