ამიერიდან ჩოხატაურელები კეთილმოწყობილი აგრარული ბაზრით ისარგებლებენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დღეს, რეაბილიტირებული მუნიციპალური აგრარული ბაზარი გაიხსნა.
ბაზრის ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ახალი სავაჭრო დახლები და ჯამში 370 სავაჭრო ადგილი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, შპს კომპანია "ზაზო"-მ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 386 000 ლარი შეადგინა. ახალი გარემო, როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მყიდველებისთვისაც კომფორტული იქნება.
ჩოხატაურის აგრარული ბაზარი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩოხატაურში ბაზარი ფაქტიურად არ არსებობდა. იყო უმძიმესი მდგომარეობა. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების პერიოდში ბაზარი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, რომელიც დავიბრუნეთ და აღნიშნული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია მაქსიმალურად კომფორტული და მოვაჭრეებისთვის მომგებიანი გახდება. ვულოცავ ჩოხატაურის მოსახლეობას ახალი აგრარული ბაზრის გახსნას,-" აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
(R)