ლანჩხუთში ახალგაზრდულმა საკრებულომ, რომელიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული, პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში," პირველი სხდომა ჩაატარა.
პირველ სხდომაზე ახალგაზრდებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით ახალგაზრდულ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასელ თამთა ბზეკალავას დაეკისრა, ხოლო მოადგილედ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მე-10 კლასელი თამარ სივსივაძე აირჩიეს. უახლოეს სხდომაზე კი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა იგეგმება.
შეხვედრაზე ახალგაზრდული საკრებულოს შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჭულუხაძემ, რომლის თქმითაც, პროექტის ერთ- ერთი ძირითადი მიზანია ქვეყნის მასშტაბით ლიდერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათთვის თვითრეალიზების მოხდენაში ხელის შეწყობაა.
გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ქეთი ებრალიძემ კი ახლადარჩეულ თავმჯდომარესა და მის მოადგილე წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში და ახალგაზრდებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობისკენაც მოუწოდა.