2015 წლის 7 დეკემბერს, გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ კ.მ.-ს მიმართ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, კ.მ-ს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება 2015 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, არასრულწლოვანთა შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რა დროსაც ბრალდებულმა დანის გამოყენებით დაზარალებულს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, დაზარალებულისთვის ექიმებმა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.
"ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015 წლის 9 დეკემბერს 12 საათზე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის ოთხი სხდომა, დაიკითხა ბრალდების 12 მოწმე და თავად ბრალდებული. საქმის არსებითი განხილვა უზენაესი სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა.
გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებასი.