პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს ინიციატივა, რომლითაც საჭადრაკო ოლიმპიადებზე, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და ფესტივალებში გამარჯვებისთვის, ან საპრიზო ადგილების დაკავებისთვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი ჯილდოები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.
დაბეგვრისგან გათავისუფლდება ასევე სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის დაწესებული ფულადი პრიზებიც.
ამგვარი საგადასახადო ინიციატივის ამოქმედებას "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ამგვარი საგადასახადო შეღავათი მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებზე ვრცელდება.
გამოითქვა შენიშვნა, რომ გარდა მწვრთნელებისა, საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს ექიმებზე და ტექნიკურ პერსონალზეც, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სპორტსმენების წარმატებებში.