ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქმეში წარმოდგენილი ერთ-ერთი საინტერესო საკითხი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობა გახლავთ, რომლის შესახებაც არალეგალურ გამოცემა `"საქართველოს მოამბეში" იბეჭდებოდა. "საქართველოს მოამბის" პირველივე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები და მოწმეთა ჩვენებები პატრიარქ ეფრემ II-ის ანდერძის გაყალბებისა და საპატრიარქოდან განძის გატანის შესახებ.
"საარქივო მოამბის" მეთორმეტე ნომერში გასული საკუნის სამოცდაათიან წლებში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები მცირედი შემოკლებით დაიბეჭდა, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა
როგორც ცნობილია, საბჭოური კონსტიტუცია აცხადებს ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, და თავის მხრივ არც ეკლესიას აქვს უფლება სახელმწიფოს საქმეებში ჩარევისა.
ეკლესიის მხრივ ეს წესი სავსებით დაცულია, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი არათუ ერევა ეკლესიის საქმეებში, არამედ გადააქცია იგი თავისადმი ყველაზე უფრო დაქვემდებარებულ დაწესებულებად. კულტურული თუ სამეურნეო ცხოვრების არცერთი სფერო არ იმყოფება ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების ასეთი მკაცრი კონტროლის ქვეშ, როგორც ეკლესია. ეს კონტროლი არაოფიციალურია, ფარულია და მით უფრო ეფექტური.
ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია ზემოთქმულის დასადასტურებლად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები სამღვდელო პირთა მიმართ. 1922 წელს დააპატიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი /ხელაია/, რადგანაც მან მისწერა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ამხილა წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და საბჭოთა რუსეთისთვის ძალით შეერთება 1921 წელს. პატრიარქი მალე გარდაიცვალა ციხიდან გამოსვლის შემდეგ /1925 წელს/.
1924 წელს ქუთაისში დახვრიტეს ეპისკოპოსი ნაზარი /ლეჟავა/, აჯანყებულთა თანადგომისთვის. 1924-37 წლებში განადგურებულ იქნა ქართული სამღვდელოების საუკეთესო ნაწილი, დაიკეტა და დანგრეულ იქნა მრავალი ეკლესია. იმხანად სახელმწიფოს მიზანი იყო საეკლესიო ქონების მიტაცება და ოპოზიციურად განწყობილი სამღვდელოების განადგურება.
თუმცა დიდხანს ვერ მოხერხდა ეს. 50-იან, თვით 60-იან წლებში შეიძლებოდა ნახვა სამღვდელოების რიგებში ჭეშმარიტად რწმენისათვის თავდადებული, უანგარო ადამიანებისა, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ ქრისტიანულ იდეალს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პატრიარქი კალისტრატე /ცინცაძე/, მღვდლები: ალექსანდრე /გაბუნია/, პართენი და სხვანი. ისინი მტკიცედ იდგნენ რწმენაზე, მიუხედავად ყოველგვარი დევნისა და შევიწროებისა ხელისუფლების მხრივ/ წამება, დაპატიმრება, შანტაჟი, თვალყურის დევნება, პროვოკაციები, ჭორის გავრცელება, ქადაგების აკრძალვა, მძიმე გადასახადები და სხვა/. მაგრამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ეკლესიის შიგნიდან გახრწნა, მის რიგებში შენიღბული აგენტების შეგზავნა /ამ პროცესს ზოგიერთნი "წითელი სამღვდელოების" შექმნასაც უწოდებენ/.
"წითელი სამღვდელოების" განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ II-ის განმგებლობის წლებიდან /1960-1972 წლები/, რომელმაც თავისი კომპრომისული, ოპორტუნისტული ქმედებებით ხელი შეუწყო სახელმწიფოს, სულ უფრო და უფრო ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. "წითელი სამღვდელოების" გააქტივებამ გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ II ეწეოდა სიმონიას, ე.ი. საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობას.
ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი "კადრების პოლიტიკისა". მეორეს მხრივ ამ პოლიტიკას განაპირობებდა უშიშროების კომიტეტი და მინისტრთა საბჭოს რწმუნებული რელიგიის საქმეებში დ. შალუტაშვილი, რომელიც 1974 წელს მოხსნილ იქნა თანამდებობიდან მექრთამეობისათვის /`პენსიაზე გასვლის საბაბით/. საერთოდ, რწმუნებული ერთგვარი ქრთამის შუამავალია მთავრობის წევრებსა და ეკლესიის მსახურთა შორის.
შალუტაშვილი მოხსნილ იქნა იმის გამო, რომ მისი მექრთამეობა გახმაურდა, ხოლო მთავრობას ეშინოდა თავის თავის კომპრომეტირებისა. ამის გამო, შალუტაშვილს დაბრალდა ყოველივე. იგი აღმოჩნდა "ვაცი განტევებისა", ხოლო მთავრობამ ისე წარმოსახა საქმე, თითქოს შალუტაშვილი თვითნებურად იღებდა ქრთამს, მთავრობის მითითების გარეშე.
სინამდვილეში იგი მხოლოდ შუამავალი იყო და აკავშირებდა ჯავახიშვილს, სირაძესა და ტირისკევიჩს /მჟავანაძის ცოლი/ ეფრემ II-სთან, დავით დევდარიანთან და გაიოზ კერატიშვილთან. შალუტაშვილის მეშვეობით სუკ-ი /სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი/ ამტკიცებდა "ეფრემ II-ის კადრებს"…
ხელისუფლების ამგვარმა პოლიტიკამ გამოიღო სერიოზული შედეგები. ეკლესიას თანდათან შეუმცირდა მრევლი, ეკლესიები იკეტებოდა ზედიზედ, 35 მოქმედი ეპარქიიდან დღეს დარჩა მხოლოდ 5.
ამჟამად საქართველოში სულ 44 მოქმედი ეკლესიაა, /მაშინ, როდესაც იყო ათასზე მეტი/, აქედან თბილისში 6 ქართული ეკლესიაა, 5 რუსული და 1 სომხური. დღეს მთელ საქართველოში 100-მდე საეკლესიო პირია /ყველა თანამდებობის/, კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13 კაცი. საქართველოს ეკლესიის უკიდურეს ჩაგვრაზე და დისკრიმინაციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს საეკლესიო ჟურნალი, მაშინ, როდესაც ასეთი ჟურნალები არსებობს რუსეთში, სომხეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში.
საქართველოს ეკლესიას არა აქვს არავითარი პუბლიკაციების უფლება /გარდა კალენდრისა/, არ არსებობს სასულიერო სემინარია, ხოლო ის კურსები, რომელნიც მის მაგივრობას წევენ, ახალგაზრდებს არაფერს ასწავლიან, გარდა საეკლესიო რიტუალისა და ხუცური ანბანისა /ფიქტიურად არსებობს დანარჩენი საგნები: ეკლესიის ისტორია, საღვთო წერილი და სხვა, თუმცა ლექციები ამ საგნებში არ იკითხება/. კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13-მდე კაცი, ხოლო თითოეული გამოშვება უდრის სამ სამღვდელო პირს, რომელთაც ზემოხსენებული "შერჩევისა" და "გამოცდილების" შემდეგ აკურთხებენ ხოლმე მღვდლებად.
დღეს საქართველოს ეკლესიას ორმაგი საფრთხე ემუქრება. ერთი სახელმწიფოს მხრივ, რომელსაც სურს მისი მოსპობა და ყველა არსებული ტაძრების გადაქცევა მუზეუმებად ან რაიმე "სასარგებლო" შენობებად /ბიბლიოთეკებად, სასპორტო დარბაზებად, საწყობებად და ა.შ./, რისი მაგალითებიც მრავლად არის თბილისსა და მთელ საქართველოში. მეორეს მხრივ, საქართველოს ეკლესიას ემუქრება ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეს საფრთხე მას ემუქრება დღეს რუსული ეკლესიის მხრივ.
როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს წაართვა არა მარტო პოლიტიკური, არამედ საეკლესიო დამოუკიდებლობაც.
იმჟამად საქართველოში, ქართველი პატრიარქების ნაცვლად, რუსი ეგზარქოსები განმგებლობდნენ. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა ავტოკეფალია, რომელიც განმტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში /1918-21 წწ./. ამჟამად კი, რუსული სამღვდელოების რეაქციონერი წარმომადგენლები, ხედავენ რა საქართველოს ეკლესიის დაძაბუნებას და დაკნინებას, კვლავ იმედოვნებენ მის ხელში ჩაგდებას.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მრავალი ნაკლისა, ეფრემ II-ს მაინც გააჩნდა საეკლესიო საქმის ცოდნა და სასულიერო განათლება, მან გამოსცა ,,ახალი აღთქმა” და ,,ლოცვანი”.
რაც შეეხება დღევანდელ პატრიარქს, დავით V-ს, მას არ გააჩნია საშუალო განათლებაც კი, იგი არის ქვაბავაზაკი, სამღვდელო სამოსით შენიღბული. თუ რარიგ გაიკაფა მან გზა კათალიკოსის ტახტისკენ, ამაზე მოგვითხრობს პროკურორის თანაშემწის, დ. ქორიძის ცნობა და ერთ-ერთი მოწმის, თ. ჯვარშეიშვილის ჩვენება. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ `მიტროპოლიტი გაიოზი /კერატიშვილი/, ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, `წითელი სამღვდელოების" ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში.
1. უშიშროების კომიტეტის ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი მოქმედება: აღვირახსნილი ლოთობა, გამომძალვობა, ანგარება, სიხარბე, მრევლის წევრთა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, რათა ამით ანტიპათია გამოიწვიონ ეკლესიაში მომსვლელი ხალხისა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვალში და ამით სახელი გაუტეხონ რელიგიას.
2. თვალყურის დევნება და აღრიცხვაზე აყვანა ყველა მორწმუნისა და ეკლესიაში მოსული მოქალაქისა, გამოვლენა მათი ვინაობისა, სამუშაო ან სასწავლო ადგილისა, მით უმეტეს, თუ ისინი ახალგაზრდებია. დაბეზღების წერა როგორც პატრიარქისადმი, ასევე ყველა ინსტანციებში.
3. მოქალაქეთა დეზინფორმირება ეკლესიის ნამდვილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყოველი მოვლენის ნათელ ფერებში წარმოსახვა. მთავრობისადმი მადლიერების ხმამაღლა გამოთქმა… ყოველი მაამებლობა და მლიქვნელობა.
4. ეკლესიის ნამდვილ გულშემატკივარ მორწმუნეთა დევნა, შეურაცხყოფა, გაძევება, მათზე დანარჩენი მრევლის ამხედრება, მათთვის ცილის დაწამება, ინტრიგების მოწყობა, გაჭორვა, სახელის გატეხვა, ყოველგვარი პროვოკაციების მოწყობა, ხოლო საჭირო შემთხვევაში მათ რეპრესიაში მონაწილეობა. /ასე მაგალითად: სამების ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელი ვალენტინა ფაილოძე, რომელიც დაურიდებლად ამხელდა ქვაბავაზაკთა დანაშაულებებს, პატრიარქ დავით V-ისა და გაიოზ კერატიშვილის ოფიციალური დაბეზღების საფუძველზე, დააპატიმრა უშიშროების კიმიტეტმა 1974წელს/.
5. მართლმადიდებლური რიტუალების შემოკლება, დამახინჯება და გამასხარავება, განსაკუთრებით კი ნათლობის რიტუალისა /ასე მაგალითად: დიდუბის ეკლესიაში ეპისკოპოსი გიორგი ნათლობის დროს ყოველგვარ ტაკიმასხარაობას სჩადის, რათა არასერიოზული განწყობილება შეუქმნას ეკლესიაში მომსვლელებს, ხოლო დიდუბის ეკლესიის მღვდელი რომანოზი /ბიბილაშვილი/ უკიდურესად მთვრალი ატარებს რიტუალებს, თავშეუკავებლად ღრიალებს ხალხის თანდასწრებით, ეკლესიაში გახსნილი აქვს პრიტონი და ლოთების თავშესაყრელი ადგილი, რაზედაც მას არავინ სჯის/.
6. ქადაგებაზე უარის თქმა, რელიგიის შესახებ საუბრისათვის თავის არიდება, როდესაც ვინმე შეკითხვებს იძლევა. საერთოდ, არასერიოზული დამოკიდებულება რელიგიისადმი, საქმოსნური და ანგარებიანი განწყობილებების განზრახ ჩვენება ხალხისათვის.
აი, `წითელი სამღვდელოების~ ძირითადი ნიშან-თვისებანი.
როგორც ცნობილია, საბჭოურმა კონსტიტუციამ გამოაცხადა სინდისის თავისუფლება და აგრეთვე თავისუფლება როგორც რელიგიური, ისე ანტირელიგიური პროპაგანდისა. მიუხედავად ამისა, თბილისში აღდგომის დღესასწაულზე 1973, 74, 75, 76 წლებში მილიციისა და კომკავშირის მუშაკთა გაერთიანებული რეიდები აკავებდნენ სალოცავად მოსულ ახალგაზრდებს და მიჰყავდათ იქვე მახლობლად გახსნილ `შტაბებში" დასაკითხად.
მიუხედავად საქართველოს სამღვდელოების არნახული მორალური გახრწნისა, მაინც დარჩა რამდენიმე სამღვდელო პირი, რომელნიც დაუპირისპირდნენ "წითელი სამღვდელოების” მოქმედებას, როგორც ჭეშმარიტი და ერთგული ქრისტიანები. მრევლშიც შეგვხვდება ასეთი ადამიანები. თუმცა უშიშროების კომიტეტისა და `წითელი სამღვდელოების~ მესვეურნი ყოველნაირად ცდილობენ მათ დაშინებასა და საზოგადოებისგან იზოლირებას. მთავრობა ცდილობს აგრეთვე, რომ ისინი გააძევოს პერიფერიებში.
ერთ-ერთი ასეთი მღვდელი, ვიქტორ შალამბერიძე 1974 წელს გახდა მსხვერპლი ავტოკატასტროფისა, რომელიც მას მოუწყეს.
ამ არნახულმა დანაშაულებმა და გარყვნილებამ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ეკლესიაში, მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება და მრავალი პიროვნების თხოვნითა და განცხადებებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დამნაშავეთა წინააღმდეგ. თუმცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურისა და სხვების აქტიური ჩარევით ეს საქმე შეჩერებულ იქნა.
დამნაშავენი ჯერაც არ არიან დაპატიმრებულნი. ჩეკისტები ემუქრებიან მოწმეებს და ურჩევენ გაჩუმებას. 1974 წელს დააპატიმრეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვ. ფაილოძე და მიუსაჯეს წელიწად-ნახევარი `საბჭოთა წყობაზე ცილისწამებისათვის~. ხოლო 1975 წელს დააპატიმრეს ისტორიკოსი თ. ჯვარშეიშვილი.
დანარჩენ ფაქტებს უშიშროების კომიტეტის "მოღვაწეობის" შესახებ ქართულ ეკლესიაში გვამცნობენ ქვემოთ გამოქვეყნებული დოკუმენტები:
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ცნობა
საქართველოს საპატრიარქოში მომხდარი დანაშაულების შესახებ
ქ. თბილისის კიროვის სახელობის რაიონის პროკურატურის წარმოებაში იმყოფება მოწმეების მასალები საქართველოს ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის და საპატრიარქოს მდგომარეობის შესახებ.
შემოწმებას საფუძვლად დაედო ქრისტეს მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი საჩივარი განმარტებანი, რომლებიც მითითებულია ქართული ქრისტიანული ეკლესიის გადაგვარების გზაზე დადგომისა და იმის შესახებ, რომ საპატრიარქოდან დატაცებულ იქნა დიდი ოდენობით ქონება, ძვირფასი საეკლესიო ნივთების: ხატების, ჯვრების, პანაღიის, ბარძიმ-ფეშხუმის, ბიბლიოთეკის, ფულის, ნახატი სურათების და სხვა სახით: მათ შორის ფასეულობისა, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ და საუკუნეების მანძილზე ინახებოდა, როგორც ერის კუთვნილი სიმდიდრე.
შემოწმების პერიოდში გამოკითხულ იქნა მრავალი პირი, როგორც ეკლესიის მსახურნი, ასევე მორწმუნეები, დაინტერესებულნი ეკლესიის ბედით. გარდა ამისა, ამოღებულ იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებსაც მტკიცებითი ძალა აქვთ.
აღნიშნულ პირთა განცხადებებით, იმის შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს პატრიარქი ეფრემ II გარდაიცვალა და მისი ადგილი დავით V-მ, ხარიტონ ჯიბრაელის ძე დევდარიანმა დაიკავა, ქართული ეკლესია გახრწნის გზას დაადგა, კერძოდ: რიგ ეკლესიებში ახალი პატრიარქის მიერ დაბრუნებულ იქნენ ანგარებითი ქმედებისათვის, გარყვნილებისათვის, ლოთობისათვის და სხვა დანაშაულებისათვის ეკლესიიდან ადრე განდევნილი პირები, რომლებიც განაგრძობდნენ აღნიშნულ საქციელს, რაც ღვთის მსახურისათვის განსაკუთრებით მიუღებელია.
წირვა და გალობა ეკლესიებში, ძირითადად, რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რაც წარმოადგენს ცდას ქართული ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და მისი კვლავ რუსეთის ეკლესიისადმი დამორჩილებისა.
ამჟამინდელი კათალიკოს-პატრიარქის, დავითის თანამდებობაზე დადგომა არაკანონიერ ვითარებაში მოხდა:
ეფრემ II სიცოცხლეში, მორწმუნეებთან პირადი საუბრის დროს და ასევე საჯაროდაც, ყოველთვის აცხადებდა, რომ ერთადერთი პირი, რომელმაც ის უნდა შეცვალოს, არის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. ამ უკანასკნელს უმაღლესი საერო და სასულიერო განათლება აქვს, ამასთან, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, არის ახალგაზრდა, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მორწმუნეთა შორის.
სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ეფრემ II-მ დაწერა ანდერძი, რითაც სინოდის წინაშე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კანდიდატად ილია შიოლაშვილს აყენებდა. ეს ანდერძი განადგურებულ იქნა ხარიტონ დევდარიანისა და მისი მომხრეების მიერ, რის მაგივრად დევდარიანის სახელზე შედგა ახალი ყალბი ანდერძი და სინოდზე ეს ანდერძი იქნა განხილული.
სინოდის სხდომა 1972 წლის 7 აპრილს, ეფრემ II-ის გარდაცვალებიდან ორი საათის განმავლობაში იქნა მოწვეული ხარიტონ დევდარიანის მიერ. სხდომის ასე დაჩქარებით მოწვევა სხვა არაფრით იყო გამოწვეული, გარდა ხარიტონ დევდარიანის კათალიკოსის მოსაყდრედ სასწრაფოდ გახდომისა. მიზეზი ამისა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ კათალიკოსის მოსაყდრედ /კანდიდატად/ სინოდის სხდომაზე ილია შიოლაშვილი არ დაესახელებინა ვინმეს.
სინოდის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად არ იქნენ მოწვეული მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი და ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი, რაც დაუშვებელი იყო.
ამრიგად, აღნიშნულ დღეს სინოდის სხდომაზე, საქართველოს კათალიკოსის კანდიდატის `არჩევნებში~ მონაწილეობა მიიღეს: ხარიტონ დევდარიანმა, ბიძინა კერატიშვილმა და ზინობი მაჟუგამ. სხდომას აგრეთვეს, როგორც ეკლესიის საქმეთა რწმუნებულ დ. შალუტაშვილის წარმომადგენელი, სათათბირო ხმით ესწრებოდა ილია ჭეიშვილი. ყოველივე ეს საეკლესიო დებულების აბუჩად აგდებას წარმოადგენდა, რადგან ხარიტონ დევდარიანი თავისი კანდიდატურის სასარგებლოდ ხმას ვერ მისცემდა და ამის შემდეგ საარჩევნო ხმის უფლებით დარჩა მხოლოდ `ამომრჩევი"…
სინოდის სხდომის ოქმზე, როგორც გამოირკვა, ხელი შემდეგ მოაწერინეს ეპისკოპოს რომანოზ პეტრიაშვილს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ზინობი მაჟუგას, ასევე რომანოზ პეტრიაშვილს, კათალიკოსობის ცრუ კანდიდატმა დავითმა, საეკლესიო კრების მიერ კათალიკოსად მის არჩევამდე ორივეს თვითონ მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
ჩემ მიერ მასალებზე დასართავად, საპატრიარქოდან ოფიციალურად იქნა გამოთხოვილი სინოდის 1972 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმი, მაგრამ ეს დოკუმენტი არ გადმოგვიგზავნეს. პატრიარქმა დავით V-მ, მის მიერ ხელმოწერილ პასუხში მიუთითა, რომ `…სინოდის სხდომის ოქმს ვერ გაახლებთ, რადგან მისი დედანი, სხვა საბუთებთან ერთად, საპატრიარქო კანცელარიიდან მოიპარეს და ჩვენთან აღარაა".
იმ პირთაგან, რომლებმაც თავიანთი ბნელი წარსულის შემდეგ მოახერხეს ეკლესიისათვის თავის შეფარება, ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს სიონის ახლანდელი ეპისკოპოსი, წილკნის ეპარქიის მმართველად წოდებული, გაიოზ /ბიძინა ტიტიკოს ძე/ კერატიშვილი.
ჯერჯერობით გარკვეული არ არის, როგორ შეძლო კერატიშვილმა ეფრემ II-ის დაყოლიება ყველაფერზე, მაგრამ დადგენილია, რომ ეფრემმა იგი 1971 წლის ნოემბერში ბერად აღკვეცა, იმავე წლის დეკემბერში ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა, ხოლო 1972 წლის 26 მარტს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ლოგინიდან ადგა, თვითონ ჩაატარა წირვა და ბიძინა კერატიშვილი ეპისკოპოსად აკურთხა.
ამის შემდეგ იგი სრული ბატონ-პატრონი გახდა საქართველოს საპატრიარქოსი, ვინაიდან 1971 წლის ბოლო თვეებიდან ეფრემი, მძიმე ავადმყოფობის გამო, ლოგინზე იყო მიჯაჭვული და საქმეებს ვერ განაგებდა.
საპატრიარქოს გაძარცვაც, ძირითადად, ეფრემ II-ის გარდაცვალების დღეებში მოხდა. დატაცებულ იქნა არა მარტო საპატრიარქოს დიდძალი ქონება, რაც სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდა, არამედ თვით ეფრემ II-ის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, ბიბლიოთეკა, ნაშრომები, დიდი ოდენობით ფული და სხვა. გაძარცვის წინ სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო, აღეწერათ საპატრიარქოს ქონება და ამ მიზნით თხოვნით მიმართა მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულს, დ. ა. შალუტაშვილს, მაგრამ მას ამ მიმართულებით რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.
გარდა ამისა, იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოდან წმინდა ნინოს პანაღია დაიკარგა, მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის განკარგულებით დაილუქა საპატრიარქოს რამდენიმე ოთახი და სეიფები, მაგრამ კერატიშვილმა შეძლო დაეყოლიებინა ეფრემ II ლუქების ახსნაზე. იმის გამო, რომ საპატრიარქოს ქონება აღრიცხული არ იყო და კონკრეტულ პირს არ ჰქონდა ჩაბარებული, შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა, თუ რა რაოდენობის ქონება იქნა დატაცებული. დადგენილია მარტო ის, რომ საპატრიარქოში ყველაფერი ბიძინა კერატიშვილის ხელში იყო მოქცეული და მისი შეკითხვის გარეშე საპატრიარქოში ავადმყოფ ეფრემთან მისი ნათესავებიც კი ვერ შედიოდნენ…
ქ. თბილისის კიროვის სახ. რაიონის პროკურორის თანაშემწე, იუსტიციის უფროსი მრჩეველი /დ.ქორიძე/
ქ. თბილისის კიროვის სახ. რაიონის პროკურორის თანაშემწეს, ამხ. დ. ქორიძეს
თეიმურაზ აკაკის-ძე ჯვარშეიშვილის
/მცხ. წერეთლის გამზ. 79, ბინა 51,
განათლებით ისტორიკოსი/
`ახსნა-განმარტება /საპატრიარქოს გაძარცვის გამო/
… ხალხისთვის თვალის ასახვევად ბიძინა კერატიშვილმა თავს იდვა მისივე ბოროტმოქმედების შედეგად სასიკვდილოდ განწირული სულთმობრძავი კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ს "მოვლა-პატრონობა", სინამდვილეში კი ათასგვარი დანაშაულებრივი ხრიკების გამოყენებით, მან თავიდან მოიშორა ყველა მისთვის არასაიმედო სასულიერო და საერო პირი და თავისი დამქაშების დახმარებით მიაღწია რა მოქმედების მთლიან თავისუფლებას, ზემოჩამოთვლილ ნაძირალებთან ერთად გატეხა რა საპატრიარქო საგანძურის სეიფი, გაიტაცა და მიითვისა უდიდესი ისტორიული ღირებულების მქონე ფასდაუდებელი განძი.
იმ ღამეს ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო უმძიმესი, უსაშინლესი და უსაზიზღრესი დანაშაული მოხდა. გატაცებული, მითვისებული და დამსხვრეულ-დანაწილებული იქნა ქართული ხელოვნების ის უძვირფასესი ნიმუშები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე მილიონობით ქართველი მამულიშვილის სიცოცხლის ფასად დაცული და გადარჩენილი იქნა თვით სისხლისმსმელი მურვან-ყრუს, თემურ-ლენგის, შაჰ-აბასის, აღა-მაჰმად ხანის და ჩვენი ერის სხვა მრავალი დაუძინებელი მტრის ხელყოფისაგან. ასე განადგურდა წმ. ნინოს, მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე II-ის და სხვა მრავალი სახელოვანი ქართველი მამულიშვილის მიერ საპატრიარქოს საგანძურისადმი შეწირული ფასდაუდებელი, პატიოსანი თვლებით შემკული და ოქრო-ვერცხლით შეჭედილი ხატები, სამკაულები, ნივთები, ტანსაცმელი, ხელსაწყოები, წიგნები და სხვა მრავალი ძვირფასეულობა.
ამ გაუგონარი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბიძინა კერატიშვილმა საპატრიარქო ქონების აღმნუსხველი ისტორიული წიგნი დავთრიდან ამოხია და გაანადგურა ის ფურცლები, რომლებზეც ჩამოთვლილი იყო მის მიერ გატაცებული განძეულობა. ამის შემდეგ მან გატეხა დალუქული საანდერძო სეიფი, რომელშიც მდებარე ანდერძი დახია და მის მაგივრად საკუთარი ხელით შეადგინა `პატრიარქის~ ანდერძი, რომლის თანახმად პატრიარქის თანამესაყდრე გახდა მისთვის სასურველი პირი, მიტროპოლიტი დავით დევდარიანი, რომლის კანდიდატურა დიდ იმედებს აძლევდა მის შორსგამიზნულ ვერაგულ გეგმებს…
… ვიქტორ შალამბერიძის თქმით, ბ. კერატიშვილის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ილია შიოლაშვილმა და სინოდის სხვა წევრებმა მიმართეს დ. შალუტაშვილს, დასწრებოდა საპატრიარქოს განძეულის აღწერას და დალუქვას, მაგრამ მან წაიყრუა თავი. მაშინ ილია შიოლაშვილმა მაინც შეადგინა სინოდთან არსებული კომისია, რომელმაც სასწრაფოდ აღწერა და დალუქა-დაბეჭდა საპატრიარქოს საგანძური. ამის საპასუხოდ ბ. კერატიშვილმა გადაწყვიტა, თავისი დამქაშების დახმარებით, გაეტეხა პატრიარქის საანდერძო სეიფი, რათა გაეგო, თუ ვინ იყო თანამოსაყდრედ დატოვებული.
ამ საქმეში მან გადაწყვიტა, მოქრთამვით ჩაეთრია ეფრემ II-ის ძმისშვილი კარლო სიდამონიძე, რომლის ჩვენების მიხედვით, ბ. კერატიშვილმა და პ. ობოლაძემ მას სთხოვეს, მონაწილეობა მიეღო საანდერძო სეიფის გატეხვაში და იმ შემთხვევაში, თუ ანდერძის თანახმად თანამესაყდრედ დატოვებული იქნებოდა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი, დაეხიათ და სხვა შეედგინათ.
კარლო სიდამონიძე წინ აღუდგა ამ უმძიმეს დანაშაულს და მტკიცედ განაცხადა, რომ მას არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო ამ სამარცხვინო ამბავში, რადგან კანონის თანახმად მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ იმის უფლება, ერთად გახსნან საანდერძო სეიფი და ხალხს თანამესაყდრის ვინაობა აცნობონო… ბ. კერატიშვილი ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე შეეცადა კარლო სიდამონიძე დაეყოლიებინა და მოექრთამა იმისთვის, რომ მოწმედ დასდგომოდა მას იმ ამბავში, თითქოს პატრიარქის მიერ იყო მისთვის ნაჩუქარი, სინამდვილეში კი მის მიერ იყო მოპარული ფასდაუდებელი, პატიოსანი ქვებით შემკული და ოქრო-ვერცხლით მოჭედილი საპატრიარქო კვერთხი, მიტრა, ოქროს დიდი ჯვარი და სხვა უძვირფასესი ნივთები. ეფრემ II-ის ძმისშვილი ძლიერ აღაშფოთა ამ თავხედურმა, გაუგონარმა მოთხოვნამ და კისრისტეხით გამორეკა ისინი სახლიდან ქუჩაში.
ამ ჩავარდნით შეშფოთებულმა ბ. კერატიშვილმა სასწრაფოდ მოიწვია ზემოთ ჩამოთვლილი ნაძირალები, დამცველებად უშიშროების აგენტები და შალუტაშვილი მოიხმო და ერთად შეიმუშავეს მოქმედების გეგმა და მოახდინეს ეფრემ II-ისა და მთელი მისი რეზიდენციის არასასურველ პირთაგან იზოლაცია. მან ხელში ჩაიგდო საპატრიარქოს ყველა ოთახისა და სეიფის გასაღებები, კონტროლი და მეთვალყურეობა დააწესა ეფრემ II-ის ყველა ნათესავზე და როდესაც მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი გახდა, საგანგებოდ მოიწვია ექიმი მირიანაშვილი და შეუდგა პატრიარქის "გადარჩენას".
კერატიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილ ბოროტმოქმედთა დახმარებით გატეხა საპატრიარქოს განძეულის სეიფი, ეფრემ II-ის სიკვდილის ღამეს…
საგანძურის გატეხვასთან დაკავშირებით ბ. კერატიშვილმა სასწრაფო დეპეშით საგარეჯოდან გამოიძახა ძმა, რომელიც უმალვე ჩამოვიდა მანქანით თბილისში ამ დანაშაულში დახმარების გასაწევად. მოწმეების დაკითხვის დროს ერთ-ერთმა, კერძოდ ვალენტინა ფაილოძემ განაცხადა, რომ ეს დეპეშა კიროვის რაიონის პროკურორის მოადგილე დავით ქორიძესთან არის, რომელმაც ძიების დროს აღმოაჩინა იგი ფოსტა-ტელეგრაფში. ამ მოწმის თქმით, მხილებულ იქნა ბ. კერატიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამონაწილე, ბოროტმოქმედი ნინო ჯალიაშვილი; ვალენტინა ფაილოძემ პირადი ინიციატივით, ხელზე გატანებული უწყებით მოახერხა კახეთის შორეული სოფლიდან ნინო ჯალიაშვილის ჩამოყვანა და მახვილგონივრული მოქმედებით დავით ქორიძის წინაშე გამოტეხა.
ამ მოწმის თქმით: ნინო ჯალიაშვილმა აღიარა, რომ სეიფის გატეხვის შემდეგ, ბ. კერატიშვილის ბრძანების თანახმად, საპატრიარქოდან პირველად ორი ჩემოდანი განძი გაატანეს "მისთვის უცნობ" რუსებს, რომლებიც ვიქტორ შალამბერიძისა და ავთო სიხარულიძის თქმით, სინამდვილეში, შალუტაშვილის და თვალხელიძის მიერ გამოგზავნილი აგენტები იყვნენ. მოწმეების თქმით, ნინო ჯალიაშვილმა `ყოველი შემთხვევისთვის~ ჩაიწერა და დაიმახსოვრა ამ მანქანის ნომერი.
ორი ჩემოდანი განძი, რომელიც ბოროტმოქმედი მღვდლების წილი იყო, ბიძინა კერატიშვილის ბრძანებით გამოიტანა გიორგი ტერზიევმა, რომელმაც გაიტაცა და გადამალა იგი.
ვიქტორ შალამბერიძისა და ავთანდილ სამხარაძის ჩვენებით, განძის გატაცების შემდეგ ბ. კერატიშვილმა ხელში ჩაიგდო ილია შიოლაშვილის მიერ მოწვეული სინოდის წევრთაგან შემდგარი განძის აღმწერი კომისიის დასკვნა-აღწერილობა და ამოიღო სიიდან ი. შიოლაშვილისა და ვ. შალამბერიძის გვარები, რითაც მოუსპო მათ საშუალება დაემტკიცებინათ, რომელი ნივთები იყო გატაცებული სეიფიდან. ამის შემდეგ ბიძინა კერატიშვილმა თავისი ხელით ამოხია განძის აღმნუსხველი ისტორიული დავთრის ფურცლები, რომლებშიც აღნიშნული იყო მის მიერ გატაცებული ძვირფასეულობა, რითაც იგი შეეცადა მთლიანად წაეშალა დანაშაულის კვალი, მაგრამ საბედნიეროდ მოწმეებმა, მათ შორის ავთანდილ სამხარაძემ, რომელიც შეუმჩნევლად თვალყურს ადევნებდა მათ ბოროტმოქმედულ საქმიანობას, ნახა ამ ამოხეული ფურცლების ნახევები და ნარჩენები. ავთო სამხარაძემ გამოიძია ეს ამბავი და მასალები შეაგროვა ბოროტმოქმედთა სამხელად.
შემდეგ ბ. კერატიშვილმა გატეხა საანდერძო სეიფი, დახია პატრიარქის ანდერძი, რომლის თანახმად, როგორც მოწმეები ვარაუდობენ, თანამოსაყდრე ილია შიოლაშვილი უნდა ყოფილიყო და თავისი ხელით შეადგინა ყალბი ანდერძი, რომელსაც ხელი მოაწერა ეფრემ II-ის მაგივრად, მის ხელწერას მიმსგავსებული კალიგრაფიით და ბეჭედიც დაარტყა. ამ ყალბი ანდერძის თანახმად, თანამოსაყდრე გახდა დავით დევდარიანი, რადგან "ანდერძში" საკუთარი თავის ჩაწერა თავის თავის გაყიდვასა და ხალხის აჯანყებას გამოიწვევდა. ბ. კერატიშვილმა საგანგებოდ შეაჩერა არჩევანი ამ სუსტ პიროვნებაზე, რომლის თავის ნება-სურვილზე თამაში და გამოყენება მისთვის უადვილესი საქმე იქნებოდა…
ეს ზემოთ აღწერილი ამბავი ვიქტორ შალამბერიძემ მომიყვა. ეფრემ II-ის სიკვდილისთანავე ბ. კერატიშვილი დაუკავშირდა წინდაწინვე გაფრთხილებულ და მოსყიდულ ქართველი ერის დაუძინებელ და შენიღბულ მტერს, რუსეთის პატრიარქის მიერ საგანგებოდ დარიგებულ აგენტ ზინობი მაჟუგას, რომელიც უმალ გაჩნდა საპატრიარქოში და ბ. კერატიშვილის, დავით დევდარიანისა და მათი დამქაშების: თვალჭრელიძის, ბახტაძის და ბაკურაძის აგენტების დახმარებით "გახსნეს" საანდერძო სეიფი და "ეფრემ-II-ის ანდერძის" თანახმად თანამოსაყდრედ დავით დევდარიანი აღიარეს. დავით დევდარიანმა მადლიერების ნიშნად ამ "ოპერაციის" მონაწილე ყველა დიდი თუ პატარა ბოროტმოქმედი გულუხვად დააჯილდოვა ძვირფასი ძღვენითა და უთვალავი ფულით.
ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა განზრახ ატეხეს პანიკა: ვიღაცას საპატრიარქოს საგანძური გაუტეხია და გაუძარცვავსო და მყისვე ეს მძიმე დანაშაული თავის მოწინააღმდეგე მღვდლებს დააბრალეს. კერატიშვილმა სასწრაფოდ აცნობა ამის შესახებ მის ფარულ თანამონაწილეს, საეკლესიო საქმეთა რწმუნებულს, დ. შალუტაშვილს და ისიც სასწრაფოდ გამოცხადდა საპატრიარქოში, აღწერა სეიფი, დარჩენილი ძვირფასეულობა და დალუქა.
ვიქტორ შალამბერიძის თქმით, როცა მან საგანძური ნახა, გულზე შემოეყარა, ყველა უძვირფასესი განძი ეტყობა სპეციალურად გადაარჩიეს, შეაფასეს და გაიტაცესო. ხოლო სეიფში შედარებით უმნიშვნელო ღირებულების ძვირფასეულობა ჰქონდათ დატოვებული მძარცველებს. მისი თქმით, განძის აღმნუსხველ დავთარში სწორედ ის ფურცლები იყო შერჩეული და ამოხეული, რომლებზეც ყველაზე უძვირფასესი განძი იყო აღნიშნული. 1972 წლის 6 აპრილს, ღამით, ყველა ამ მძიმე დანაშაულს ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა.
აშკარა იყო, რომ ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობდა წინასწარ კარგად მომზადებული არამზადების მთელი ბანდა. რაც შეეხება დ. შალუტაშვილისა და მისი აგენტების მოღვაწეობას, გატეხილი და გაძარცული სეიფის `შემოწმების" შემდეგ მან შეგნებულად, ყოველნაირად მიაფუჩეჩა და მიჩქმალა ეს საქმე და ზემოჩამოთვლილი დახელოვნებული აგენტების დახმარებით მოსპო ბევრი მატერიალური დამამტკიცებელი მასალები, ფაქტები და კვალის პირწმინდად წაშლას შეეცადა.
ვიქტორ შალამბერიძის თქმით, ბიძინა კერატიშვილი უმალ დაუკავშირდა და დაუახლოვდა სამგლოვიარო ცერემონიალზე ჩამოსულ სომხეთის პატრიარქ ვაზგენ I-ს, უკრაინის ეგზარქოსისა და რუსეთის პატრიარქის, პიმენის წარმომადგენლებს. ამ ეშმაკმა და გაქნილმა დიპლომატებმა ხელად აუღეს ალღო ამ სიტუაციას და ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს და გაუწიეს კიდევაც მათი ვერაგული მიზნებისთვის ზედგამოჭრილ დევდარიანს საპატრიარქო ტახტზე ასვლაში.
დავით დევდარიანმა არ დააყოვნა და მადლობის ნიშნად ვაზგენ I-ს თანხმობა განუცხადა და შეჰპირდა საქართველოში ოთხი სომხური ეკლესიის გახსნას. პიმენის ხალხს კი ავტოკეფალიის უარყოფისა და ქვეშევრდომობაში შესვლის იმედი მისცა.
ამ მძიმე და რთულ სიტუაციაში პატრიოტი მორწმუნეები და მოქალაქეები მიხვდნენ, თუ რა დიდი საფრთხე შეექმნა ქართულ ეკლესიას და ენერგიულად წინ აღუდგნენ ბ. კერატიშვილსა და დ. დევდარიანს.
ამ კრიტიკულ სიტუაციაში ცკ-ს პირველი მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის ცოლის უმკაცრესი ბრძანებითა და საგანგებო დავალებით დაცვის უფროსი თვალჭრელიძე, ბახტაძე, ბაკურაძე და შალუტაშვილი პირველად ხელმძღვანელობდნენ ბ. კერატიშვილისა და დ. დევდარიანის დაცვის უზრუნველყოფას, მათმა აგენტებმა ადვილად მოახერხეს ხალხის დაშინება, გაჩუმება, დასჯა, გარეკვა: შანტაჟითა და სამსახურიდან გაგდების შიშით, ეკლესიებში შესვლისათვის დაჭერით და პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში გამოჭენებით.
სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ხალხის დახმარებით ბ. კერატიშვილმა და დ. დევდარიანმა თავიანთი დამქაში ბოროტმოქმედებისაგან შეადგინეს `წმინდა სინოდი" და 1972 წლის 2 ივლისს მოაწყეს მეთერთმეტე საეკლესიო კრება, რომელზედაც კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი დავით V დევდარიანი.
ეს სამარცხვინო კრება, როგორც უნდოდათ, ისე წარმართეს დამნაშავეებმა და მათმა მფარველებმა – თვალჭრელიძემ, ბახტაძემ, ბაკურაძემ და შალუტაშვილმა, რომელთაც თავის მხრივ ხელმძღვანელობდა და მფარველობდა ცკ-ს I მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის ცოლი…
ფ. #6, ს. #7726, ტ. 18, ყ. 46, გვ. 19-58
ნინო ყიფშიძე