თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემაში ჩართული პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია წელიწადნახევრის წინ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს მიაწოდა:
_ გოგაძემ თვალის დაუხამხამებლად უარყო ეს ყველაფერი. უარყო, რადგან მიხვდა, როცა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ციხის კარამდე მივაცილებ, შემდეგ გოგაძის ჯერი დადგება. ამას ვპირდები, რადგან ის ახლა ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას.
იმედს ვიტოვებ, რომ ბადაშვილი არ გაიმეორებს იმ სამარცხვინო განცხადებას, რაც იკადრა გოგაძემ. ორივემ იცოდა ჩემი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე 2014 წლის გაზაფხულზე.
ინფორმატორს არ დავასახელებ იმისთვის, რომ ზედმეტი ზეწოლისგან დავიცვა, ის თავის სათქმელს მალე იტყვის.
კონკრეტულად, კიდევ ერთხელ გეტყვით მის სიტყვებს: რომ ყოველი შეწყალების წინ, კონკრეტული დეპუტატები მაიძულებდნენ ამა თუ იმ პატიმრის შეწყალებას და როგორც შემდეგ სანდო წყარომ მითხრა, მათ 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული და კიდევ ელოდნენ თანხას პატიმრის მშობლებისა და ახლობლებისგან.
ეს რომ გავარკვიე, მე საქმის კურსში ჩავაყენე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პროკურატურა. მოკლედ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და საერთოდ ყველა ინფორმაცია მივაწოდე სამართალდამცველებს. სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვასახელებ, რომ ამ ადამიანებმა კვალი არ წაშალონ და მტკიცებულების მოპოვება ძალიან არ გაჭირდეს, _ განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია ჯიდიესის ეთერში, გადაცემა 2030-ში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელის თანახმადაც კორუფციული სქემების შესახებ პროკურატურა საქმის კურსში იყო, გუშინ კატეგორიუალდ უარყო მთავრი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.