საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ბაღის გარშემო შექმნილ სიტუაციას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ.
გოცაძე მიმართავს პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ზემოაღნიშნული ქმედებისგან თავი შეიკავონ.
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორობიდან ჩემი მოტყუებით და დამცირებით მოხსნასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამოყენებას სათავისო მიზნებისთვის ცდილობენ მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად წოდებული "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. მინდა მათ შევახსენო, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამატოვებინეს ბაღი, გიგი თევზაძის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო მიმართულების დაფინანსების შეწყვეტის გამო. შეგახსენებთ, რომ ეს დაფინანსება სწორედ ბიძინა ივანიშვილისაგან მოდიოდა. მოვითხოვ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან და სხვა პოლიტიკური ძალებისგანაც, მათ შორის, დედაქალაქის მერიის ჩინოვნიკებისგან, ნუ ცდილობენ სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას და მარგინალიზაციას. რადგან, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მთელი საქართველოსია და არა გარკვეული პირების ვიწრო ინტერესების სფერო. ისევე, როგორც ჩემთვის, ბოტანიკური ბაღი არა პოლიტიკური ქულების საწერი თემა, არამედ პროფესიონალური და პატრიოტული ინტერესია", _ აღნიშნულია გოცაძის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ნარმანია, ივანიშვილი გოცაძე – ინტერესთა კონფლიქტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში