დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონისა“ და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშებს – „ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში 2014“; „აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში“ და „ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს 7 ქალაქში“ მოუსმინეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სიმშვიდის საფუძველს არც დღევანდელი რეალობა იძლევა.
„ეს არის თემა, რომელიც ყოველდღიურ მონიტორინგს საჭიროებს . ღირებულია ნებისმიერი სახის კვლევა, რომელიც ინფორმატიულია ამ კუთხით და ხელს შეგვიწყობს, რომ საჭირო გადაწყვეტილებები დროულად იქნას მიღებული, მით უმეტეს, ისეთი კვლევები, როგორიც არის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ ჩატარებული, რომელიც ჩვენ არაერთხელ წაგვადგა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ნარკოპლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გამკაცრებას, გარკვეული, ზომიერი ლიბერალიზმი აქაც აუცილებელია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ზომიერი ლიბერალიზმი და არა ემოციური გადაწყვეტილებები“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ ხელმძღვანელმა ქვეყნის ნარკოპოლიტიკის თავისებურებებზე ისაუბრა. სარეცეპტო რეფორმასა და ქვოტირების მექანიზმის შემოღებასთან ერთად, მომხსენებელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევები სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მიერ პოლიციისთვის შეტყობინებას აღარ ექვემდებარება. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შეიქმნება ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომელიც ეროვნული ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგემის იმპლემენტაციას გაუწევს მონიტორინგს.
თამარ სირბილაძის ინფორმაციით, არაინექციურ ნარკოტიკებს შორის, ყველაზე მეტად კანაბისია (მარიხუანა) გავცელებული, ხოლო ინექციურ ნარკოტიკებს შორის ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები-ჰეროინი და მისი ნაირსახეობა (ე.წ. „ქუჩის ჰეროინი) ლიდერობს. მომხსენებლის განცხადებით, ნარკოლოგთა მონაცემებით, ბოლო წლებში გაიზარდა ნარკომომხმარებელი ქალბატონების რაოდენობა,თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნარკომომხმარებელი ქალბატონები ფარული პოპულაციაა, კვლევებში ეს არ არის ასახული.
თამარ სირბილაძის მიერ წარმოდგენილ, 2012 წელს 14-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი ნივთიერებებად გამოკითხულებმა საძილე/დამამშვიდებელი აბები, მარიხუანა და ექსტაზი დაასახელეს.
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ მიერ, 2013 წელს, საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან, ყველაზე ხშირად 14-24 წლის ახალგაზრდები ე.წ. სპაისებს (ბიო) მოიხმარდნენ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, ასევე, გავრცელებული იყო ე.წ. სინეთზურად მიღებული ამფეტამინები (ე.წ. კრისტალი).
თამარ სირბილაძის თქმით, კვლევის მიხედვით, რაც უფრო იზრდებოდა გამოკითხულთა ასაკი, მით უფრო იმატებდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების რაოდენობა.
საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში არ არიან ე.წ. ქუჩის ნარკომანები და შესაბამისად, არ არსებობს მათი სპეციალური შეკრების ადგილები ქუჩებში, რაც, მისივე შეფასებით, დადებითი ფაქტია, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს სერვისის მიმწოდებლებს ნარკომომხმარებლებთან წვდომას ურთულებს. როგორც თამარ სირბილაძემ აღნიშნა, ეს ადამიანები, ძირითადად, მცირე ზომის სტრუქტურირებულ ჯგუფებად, უფრო მეტად, ბინებში იკრიბებიან.
„ნებისმიერი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა ორ ძირითად დაშვებას ეყრდნობა – ერთი, ეს გახლავთ, რომ ნარკოტიკები ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას და მეორე – ეს გახლავთ, რომ ზიანს აყენებს საზოგადოების უსაფრთხოებას, შესაბამისად, აქედან მოდის ნარკოპოლიტიკის ორი მხარე – საზოგადოების უსაფრთხოების პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა.
უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართულია ნარკოტიკების მიწოდების შემცირებაზე,ეს გახლავთ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაში შედის ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირება და აქ ბევრი მხარეა ჩართული – სამედიცინო, სოციალური, კულტურის, განათლების სისტემები და მედია. მთავარია, რომ ამ ორ მხარეს იყოს კომპლექსური და დაბალანსებული მიდგომა, ნარკოტიკების მოწოდების შემცირებასა და ნარკოტიკების მოთხოვნის შემცირებას თანაბარი ყურადღება უნდა ექცეოდეს“,- განაცხადა თამარ სირბილაძემ.
მისივე თქმით,მისასალმებელია, რომ ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და ჩანაცვლებითი თერაპია ძირითადად, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და ამ მიმართულებით, გააქტიურებულია სამოქალაქო სექტორიც. მომხსენებლის განცხადებით, სასურველია, ქვეყანაში არსებობდეს წამალდამოკიდებულთა რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრები, რადგან უკვე არსებული დღის სარეაბილიტაციო ცენტრები საკმარისი არ არის. მისივე თქმით, არ არის საკმარისი ქვეყანაში არსებული დეტოქსიკაციური კლინიკების რაოდენობაც.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა, ივდით ჩიქოვანმა კვლევის – „აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში“ ანგარიში წარმოადგინა. კვლევაში მონაწილეობა 18 წელზე მეტი ასაკის, 2,037 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელმა მიიღო თბილისიდან, გორიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.
ივდით ჩიქოვანის ინფორმაციით, არაინექციური ნარკოტიკებიდან ყველაზე ხშირად, ცნს-ს დეპრესანტებს და ჰალუცინოგენებს მოიხმარენ, თუმცა, ეს მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, ოდნავაა შემცირებული. რაც შეეხება საინექციო ნარკოტიკების მოხმარებას, სურათი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ბოლო პერიოდის განმავლობაში – ყველაზე ხშირად მოხმარებად საინექციო ნარკოტიკად ჰეროინი, შემდეგ კი-ბუპრენორფინი (სუბუტექსი) სახელდება.
ამავდროულად, დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული ოპიოიდის – დეზომორფინისა და ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების (ე.წ. „ვინტი“ და „ჯეფი“) მოხმარების შემცირება.
ივდით ჩიქოვანის განცხადებით, ყველა ქალაქში გაიზარდა აივ ინფექციაზე ტესტირების მაჩვენებელი და ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა 25%-ს აივ-ზე ტესტირება ბოლო წლის განმავლობაში ჩატარებული აქვს.
2009 წელთან შედარებით, 2015 წელს გამოვლინდა საინექციო მოწყობილობის გაზიარების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება, თუმცა, 2%-დან 5%-მდე კვლავ ადასტურებს საინექციო მოწყობილობის გაზიარებას.
კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი ქცევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა შორის კვლავ პრობლემად რჩება. შვიდივე ქალაქის მონაცემების კომბინირებული ნაკრების ანალიზის მიხედვით, აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2.2% -ა და 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
აივ პოზიტიური პრევალენტობა ყველაზე დაბალია რუსთავში-0.9%, ხოლო ყველაზე მაღალი – ზუგდიდში -4.8%.
რაც შეეხება C ჰეპატიტს, კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში დაფიქსირდა.
მომხსენებელმა დეპუტატებს რეკომენდაციებიც გააცნო, რომლებიც ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ინფორმირებულობის გაზრდას, პრევენციული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა ინმ-ებზე ორიენტირებული სპეციფიკური, კომპლექსური პრევენციული პროგამების შექმნას, ნარკოტიკების მოხმარების კომპლექსური პრევენციული და სამკურნალო პროგრამების გაძლიერებას და გაფართოებას, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის დეტოქსიკაციური და სარეაბილიტაციო სამსახურების ხელმსაწვდომობის გაზრდა და პრევენციული ინტერვენციის გააქტიურებას ითვალისწინებს.