თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
არხის ინფორმაციით, ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს. სროლის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა, არიან დაშავებულები.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა.
"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება", _ აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევისას ორი პირი მსუბუქად დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.