გუშინ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ხელმძღვანელთან იანოშ ჰერმანთან. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისაკენ. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხის და მათ შორის საქართველოს ეკლესიის", – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა და მისი კულტურული მემკვიდრეობა დაცული უნდა იყოს ევროპული თანამეგობრობის მიერ.
"გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს . ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე, ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ , ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში.
საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მეოთხე საუკუნეში ითარგმნა სახარება. იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ჰერმან, რომელსაც გაქვთ დიდი წვლილი ამ საქმეში", – განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.

































































