ოზურგეთი გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია.
მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. ქალაქი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაშლილია 7 კილომეტრზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,3 °C. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები _ მოიდანახე და სერი. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიდინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა და სხვ.). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. ქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე-გაკირული, მოიდანახე, სერი.
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. მოსე ჯანაშვილის თანახმად, ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას (ან სერის), გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). სახოკიას მიხედვით, ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მტერთან, ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდება.
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი – ოზურგეთის განძი – ვერცხლის 270 მონეტა.
ოზურგეთი პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში: „მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“.
ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. გურიის უკანასკნელი მთავარმა მამია V გურიელმა ოზურგეთში, სადაც მშვენიერი სასახლე აუშენებია. როცა გურიის სამთავრო გაუქმდა, ეს
სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. დიმიტრი ბაქრაძე წერსდა ,,ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. როგორც ცნობილია, იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს“. მამია გურიელის აშენებული სასახლე შემორჩენილი არ არის, მისი ნაშთები შეიწირა კულტურის სახლის მშენებლობამ. შემორჩენილია მხოლოდ სასახლის აბანოები.
ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ ქრისტიფორე დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-54 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში და 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში.
მეცხრამეტე საუკუნის დამდგეს ქალაქის მოსახლეობა იყო 1766 კაცი. ქალაქად გამოცხადდა 1846 წლის 14 დეკემბერს.
იმ დროისთვის ოზურგეთი პატარა ღარიბი ქალაქი იყო 306 მცხოვრებით. სამაზრო ცენტრის სტატუსმა და სამხედრო დასახლებამ გაზარდა მისი მნიშვნელობა. მოეწყო სამხედრო ჰოსპიტალი და აფთიაქი, ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით სოფელ დვაბზუდან ოზურგეთში გადაიტანეს ბაზარი.
1848 წელს ოზურგეთში გადაიტანეს ორი წლით ადრე ჯუმათში გახსნილი გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1850 წლის 21 თებერვალს გაიხსნა ოზუგეთის სამაზრო სასწავლებელი. შემდეგ საქალაქო ერთკლასიანი და სამრევლო სკოლა. 1857 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის სტატიაში „მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომში მოქმედებათა ასპარეზზე“. 1865 წლისთვის ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 700 სულს.
ოზურგეთის შესახებ ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ (1833), დიმიტრი ბაქრაძემ (1874), სერგი მესხმა (1878), თედო სახოკიამ (1896) და მარჯორი უორდროპმა.
1870-იან წლებში ქალაქის ერთ-ერთი უბანი ეჭირათ ლაზებს, რომლებიც ვაჭრობას მისდევდნენ. 1874 წლისთვის ქალაქის ცენტრში იდგა ორი მართლმადიდებელი ეკლესია ხის გუმბათებით ერთი ქართული, წმინდა მარინეს სახელობისა, ერთი რუსული. 1886 წელს ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 1472 სულს.
1889 წელს ოზურგეთში სტამბის გახსნის ნებართვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შუამდგომლობით გასცა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა. 1891 წელს დაარსდა პირველი ლეგალური სტამბა ოზურგეთში. ეს იყო საქართველოში რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა. 1896 წელს შემოღებული იქნა ქალაქის თვითმმართველობა, რომელმაც მუშაობა 16 სექტემბერს დაიწყო. მანამდე ქალაქის საქმეებს პოლიცია განაგებდა. ამ დროს ქალაქისმოსახლეობა შეადგენდა 4710 სულს. 1911 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7341 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1917 წლისთვის — 5174 ადამიანს.
XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ ბაღში მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები. იმავე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის დღესასწაულის „ალეგროს“ აღნიშვნა, რომელიც ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა. 1914 წელს ოზურგეთში გერმანე გოგიტიძემ გახსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა.
1922 წელს ქალაქის მოსახლეობა 5526 კაცი იყო. 1923 წლის 26 დეკემბერს ქალაქში შევიდა რკინიგზის ხაზი, რითიც ის დაუკავშირდა სადგურ ნატანებს და ჩაერთო საერთო სარკინიგზო ქსელში. რკინიგზის შეყვანა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქალაქის ისტორიაში. 1926 წელს ქალაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი მსხვილი საწარმო – აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა, მოგვიანებით ამუშავდა ჩაის N1 და ანასეულის ფაბრიკები. 1927 წელს ზვანის უბანში მოეწყო რადიო.
იმავე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სილიბისტრო თოდრიას მოწვევით ჩავიდა ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი. ანასეულში 1930 წელს გაიხსნა რესპუბლიკაში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1935 წელს ჩამოყალიბდა სიმებიანი ორკესტრი დ. ვახრამოვის ხელმძღვანელობით. 1937 წელს განახლდა ქალაქის ბაღი, დაირგო ჭადრები, რომელთა მოხაზულობა ქმნიდა ასო „მან-ს“ (მახარაძე).
1934 წლის 9 ივლისს ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. 1935 წლისთვის აშენდა აღმასკომის, სახელმწიფო ბანკის და სასტუმროს ორსართულიანი შენობები. 1935 წელს ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის დაიდგა 55 კვტ სიმძლავრის თბისადგური, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. 1936 წელს დაარსდა მუზეუმი და მუსიკალური სკოლა. 1936 წელს ქალაქის მოსახლეობა 11419 ადამიანი იყო.
1938 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქის წყალსადენი, რომელის გათვლილი იყო 1950 წლამდე მუშაობისთვის. 1939 წლის 16 მარტს გაიხსნა კინოთეატრი „გამარჯვება“. მეორე მსოლიო ომის შემდეგ, 1946 წელს დაიწყო ქალაქი კანალიზაციის სამუშაოები.
1946-47 წლებში შემოიღობა და მოეწყო ნინოშვილის, სტალინისა და ფ. მახარაძის ბაღები, კომკავშირის ხეივანი. 1949 წელს საბოლოოდ მოგვარდა ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, მას შემდეგ, რაც მახარაძე ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.
1951-54 წლებში აშენდა რუსულენოვანი სკოლა და ჩაის ტექნიკუმი, 1956 წელს აშენდა ექადიის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული, ხოლო 1958 წელს — ზვანის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა. 1958 წელს ექადიაზე მოწყო ტყე-პარკი, 1959 წელს დაიწყო ქალაქის გაზიფიცირება.
იმავე წელს ამუშავდა რამდენიმე მსხვილი საწარმო _ ასკანგელის გადამამუშავებელი ქარხანა (1952-1959), ჩაის N2 ფაბრიკა და ყველ-კარაქის ქარხანა, მოგვიანებით ასევე ლუდისა ხილის საკონსერვო (1970) და რკინა-ბეტონის ქარხნები (1971). 1961 წელს მახარაძეს ეწვია ნიკიტა ხრუშჩოვი. 1971 წელს ამუშავდა ანასეულის ტელესარეტრანსლაციო სადგური, ქალაქის ცენტრიდან ექადიის ტყე-პარკამდე გაყვანილ იქნა საჰაერო-საბაგირო გზა.
1976-79 წლებში აშენდა 500 საწოლიანი ცენტრალური საავადმყოფო. 1979 წელს ხელახლა ააშენეს ქალაქის სასტუმრო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის სადგურს, აშენდა ცენტრალური ავტოსადგური, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. 1979 წელს ქალაქის მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა.
1978-80 წლებში ქალაქში აშენდა მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები. 1980 წლის 27 ნოემბერს დაიწყო სატროლეიბუსო მიმოსვლა. 1981 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი (1978-1981), ქალაქში მოეწყო მუსიკალური შადრევანი. 1982 წლის 29 დეკემბერს მახარაძეში იმყოფებოდა მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც დაათვალიერა სახელმწიფო თეატრი და ანასეულის ინსტიტუტი. 1984 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა განახლებული კინოთეატრი „ოზურგეთი“, 1989 წელს გაიხსნა ცენტრალური ბიბლიოთეკა, 4 აპრილს გაიხსნა განახლებული სასტუმრო. ქალაქის აღმოსავლეთ შემოსასვლელში აღიმართა კარიბჭე (არქიტექტორი ვახტანგ ცქიფურიშვილი, მხატვარი ჯემალ ძაგნიძე), რომელზეც გამოსახულია სამი ყაბალახიანი გურულის პორტრეტი.
1989 წლის 15 მაისს ქალაქსა და რაიონს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მოხდა ფილიპე მახარაძის ძეგლის დემონტაჟი, ქალაქის ცენტრში დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 1990 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძის სკვერში დაიდგა ფილიმონ ქორიძის ძეგლი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე).
2014 წელს ოზურგეთმა მიიღო თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და გამოეყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.


































































