ცენტრალური მთავრობის დადგენილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში დამატებით 200 ათასი ლარის მობილიზება მოხდა. ამის შესახებ დღეს ინფორმაცია გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააჟღერა.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და წლის მიწურულს, დამატებით, მიმდინარე ხარჯებისთვის 200 ათასი ლარი გამოგვიყო. გამგებელმა მთავრობის წინაშე დასვა ეს საკითხი, შემდგომ შევათანხმეთ ფინანსთა სამინისტროსთან, რის შემდგომაც გამოგვიყვეს აღნიშნული თანხა. აქედან გამომდინარე, გარკვეული სახის კორექტივა შევა იმ 154 800 ლარში, რომლის შემცირებაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იგეგმებოდა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და დაზუსტდება კონკრეტულად რა და როგორ განხორციელდება", _ განაცხადა ლაშხიამ.
თავის მხრივ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დამატებითი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატები უპრეცენდენტო ფაქტად აღიქვამენ. მათი თქმით, ეს მთვარობის მხრიდან მხოლოდამხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ როგორმე შესრულდეს ადგილობრივი ბიუჯეტი.
როლან ლაშხიას ინფორმაციით კი, მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, რომლის შესრულების მაჩვენებელი ამ ეტაპზე 83%-ია, ჩავარდნის საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
































































