რამდენიმე დღის წინ ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, სკანდალურმა შფოთისთავმა, 48 წლის პოლ გასკოინმა, თავისი ბავშვობის დროინდელი რამდენიმე ეპიზოდი უამბო გამოცემა "The Sun"–ის ჟურნალისტებს.
"ერთხელ, ახალ ზელანდიაში ვიყავი "ნიუკასლთან" ერთად. მაგარ სასტუმროში გავჩერდით და გამიკვირდა, რომ სასადილოში არ ჰქონდათ ბეკონი. სასტუმროს ადმინისტრატორსაც კი ვკითხე – ამდენი ცხვარი დადის ეზოში და ბეკონი რატომ არ გაქვთ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მეგობრებმა ამიხსენს, რომ ბეკონი ღორის ხორცისგან მზადდება," – გაიხსენა ლეგენდარულმა "გაზამ", რომელიც "ზრდასრული ასაკის" მიუხედავად ხშირად ეხვევა არასაფეხბურთო უსიამოვნებებში, ალკოჰოლის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულის გამო.



































































