"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში რამდენიმე დღის წინ საკადრო ცვლილებები გახორციელდა. თანამდებობა დაატოვებინეს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსს გიორგი კვირჩილაძეს.
"გურია ნიუსი" გიორგი კვირჩილაძეს და გურიის მთავარ პოლიცმაისტერს კობა ცერცვაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე არაერთხელ წერდა.
კვირჩილაძესა და ცერცვაძეს შორის დაძაბული ურთიერთობა, ერთხელ კვირჩილაძის პატაკის დაწერით დასრულდა. კვირჩილაძე თითქოს ჯერ შვებულებაში უნდა გასულიყო, შემდეგ კი სამსახურში ვეღარ დაბრუნდებოდა. თუმცა "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსმა მისი თანამდებობაზე დატოვების საკითხი მაინც "გაარკვია" და ის დღემდე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
რამდენიმე დღის წინ კვირჩილაძემ ბიულეტენიც ითხოვა, თუმცა სამსახურში ისევ დაბრუნდა, ცერცვაძესა და კვირჩილაძეს შორის დაძაბული ურთიერთობა ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა., რაც საბოლოოდ კვირჩილაძის სამსახურიდან გათავისუფლებით დამთავრდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, კვირჩილაძეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსობა სურდა. მან დაიწყო კადრების დალაგება სამხარეო მთავარ სამმართველოში, ოზურგეთის რაიონული სამმართველო კი ფაქტიურად დაშალა. მისი ინიციატივით გადაიყვანა ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გურიის სამხარეო სამმართველოში პოლიციელები გურამ სალუქვაძე, ლაშა შარაშიძე, კვირჩილაძის გუნდში მოიაზრებოდნენ ჩოხტაურის პოლიციის ყოფილი უფროსი ტატო ვასაძე და მოადგილე გოჩა თავაძეც.
გიორგი კვორჩილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ აღნიშნული პიროვნებები თავიანთ პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდნენ.
“"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ახალი წლიდან საკადრო ცვლილებების განხორცილება შსს გურიის სამახარეო მთავარ სამმართველოში კვლავ იგეგმება, როელიც თანამდებობის პირებსა და რაიონების სამმართველოს უფროსებს შეეხება.
ჩვენ დავუკავშირდით შსს გურიის სამახარეო მთავარ სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს, რომელმაც შსს პრესსამსახურიკენ გადაგვამისამართა. კომენტარი ჩვენთან საუბრისას არ გააკეთა ასევე გიორგი კვირჩილაძემაც.
შსს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.
































































