პოლიტილოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მომავალი წლის არჩევნებს უკავშირდება.
როგორც ნოდია აცხადებს, ღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნება მიღებული.
"ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა. "ქართულმა ოცნებამ" რაღაც უნდა გააკეთოს ახალი სახე უნდა აჩვენოს. ახლებურად უნდა წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯი არის პრემიერ-მინისტრის გამოცვლა. კონსტიტუციურად ის არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში. ყველას ესმის, რომ სინამდვილეში ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავრობას ახალი მეთაური ეყოლება. ამით "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს რომ უკმაყოფილების ნაწილი გაყვება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც წყალს", _ აცხადებს ნოდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ ადასტურებენ "გურია ნიუსის" ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თანამდებობას ტოვებს.
ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურში ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ.
წყაროს მტკიცებით, ღარიბაშვილს დროებით გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრად სურს და როგორ ამბობენ, სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენენ პარლამენტს.


































































