ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ხელისუფლებაში, წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.
"გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგი პიროვნებაა, მას აქვს ზრდის პოტენციალი. წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, მაგრამ ის ერთ-ერთი ღირსეული, გამორჩეული ადამიანია ხელისუფლებაში, თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა მწვავე საკითხებზე ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ყოფილიყო კორექტული, მას ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული აზრი. არასოდეს, უაზროდ ფეხის ხმას არ აყვებოდა", _ ამბობს ხუხაშვილი.
შეგახსეებთ, რომ საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ ადასტურებენ "გურია ნიუსის" ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თანამდებობას ტოვებს და მის ადგილს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
კითხვაზე _ სად იმყოფება ამ წუთებში პრემიერი და რატომ გადადო დაანონსებული შეხვედრა კანცელარიაში პასუხი არ აქვთ.
ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურში ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ.
"გურია ნიუსი" დეტალების გარკევვას უშუალოდ ღარიბაშვილთან შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პრემიერმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს უნდა გააკეთოს. როგორც სანდო წყარომ გვითხრა, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია.
წყაროს მტკიცებით, ღარიბაშვილს დროებით გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრემიერ-მინისტრად სურს და როგორ ამბობენ, სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენენ პარლამენტს.
თუმცა, აქ ერთი დეტალია საინტერესო _ გიორგი კვირიკაშვილს დედა გარდაეცვალა და დაკრძალვა ხვალაა. ამის გამო, როგორც წყარო ამბობს, ღარიბაშვილის გადადგომა პარასკევს უნდა გახმაურებულიყო, თუმცა მოვლენები მას შემდეგ დაჩქარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს ლობირებს.

































































