როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს.
უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან.
წარმოდგენილი ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან; პირველში გადმოცემულია 1920-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესწორებული იულიუსის კალენდართან დამოკიდებულების მოკლე ისტორიულ ნარკვევი, მას მოყვება საქართველოს ეკლესიის კალენდრის (სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის გამოცემა) 1928 წლის გამოცემიდან გადმობეჭდილი სამი მნიშვნელოვანი წერილი, რასაც მოებმის ამ ისტორიულ–კანონიკური დოკუმენტაციის ფოტოასლები.
კალენდრის შესწორების საკითხი მართლმადიდებელ ეკლესიაში აქტიურად წამოიჭრა მეოცე საუკუნის დასაწყისში, თვით რუსეთის ეკლესიაშიც კი მიმდინარეობდა სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიაში თვითმპყრობელობა დაემხო 1917 წელს და ეკლესია აღმოჩნდა მარტო, სახელმწიფოს არათუ მფარველობის, არამედ აშკარა აგრესიის წინაშე, შეცვლილმა ვითარებამ და ეკლესიის წინაშე დასმულმა ახალი გამოწვევებმა ბუნებრივია მოითხოვა ახალი მიდგომები ეკლესიისაგან, როგორც საზოგადოებრივი და რელიგიური ინსტიტუციისაგან, რათა იგი ყოფილიყო არსებულ გამოწვევების მიმართ მზად მყოფი, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, იგი ყოფილიყო ქრისტეს დამოწმების მისიის სათანადოდ აღმსრულებელი.
სწორედ ამ საკითვების განხილვას მიეძღვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1917-1918 წლების და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1917 წლის სექტემბრის ცნობილი და სახელგანთქმული კრებები, რომელთაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (და გასაგები მიზეზით ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში მყოფებმა) სცადეს ეკლესიის მართვაში კრებითობის პრინციპის უძველესი წესის აღდგენა და ასევე განახორციელეს რიგი სხვა რეფორმები ეკლესიის ადმინისტრირების და მოწყობის საკითხებში, ეკლესიური დემოკრატიზმის ტრადიციის საფუძველზე.
როგორც ცნობილია, ამ პერიოდში აღიდგინა რა, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, 1917 წლის სექტემბერში თბილისში მიმდინარე პირველ საეკლესიო კრებაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკლესიაში მმართველობისა და ლიტურგიკულ წესჩვეულებით საკითხებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა.
ერთერთი ასეთი საკითხი რომელიც იმ პერიოდისათვის განიხილებოდა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო იულიულის კალენდრის შესწორება ახალი ასტრონომული გამოთვლების მიხედვით (ე.წ. “ახალი სტილი”, ამ შესწორებულ იულიუსის კალენდარს, ხშირად არასწორად უთანაბრებენ “გრიგორისეული კალენდარს”, რაც შეცდომაა, შესწორებული იულიუსისეული კალენდარი კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია, ვიდრე “გრიგოლისეული კალენდარი”) რაც განხორციელდა კონსტანტინოპოლის და რუმინეთის საპატრიარქოებში და ელადის საარქიეპისკოპოსოში 1923-1924 წლებში.
1923 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ წმ. ტიხონ აღმსარებლის (ბელავინი) ლოცვა-კურთხევით გადავიდა ახალ სტილზე, მაგრამ ამ მიზეზით წარმოშობილი შიდა უთანხმოების განსამუხტავად, 24 დღის შემდეგ პატრიარქმა ტიხონმა დროებით შეაჩერა კალენდრის რეფორმა. ანალოგიური დადგენილება გატარდა საქართველოს ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე და კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით 1927 წლის 27 ნოემბრიდან 1928 წლის 1 ოქტომბრამდე, კერძოდ, უძრავ საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნა აღესრულებოდა ახალი სტილით, ანუ ახალიულიუსისეული კალენდრით.
უნდა ითქვას, რომ 1920-იანი წლებისათვის საქართველოს ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქები ამბროსი და ქრისტეფორე III, ასევე მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ემხრობოდნენ იულიუსის კალენდრის (ე.წ. ”ძველი სტილის”) შესწორებას. თუ რატომ ვერ განხორციელდა საბოლოოდ ეს მცდელობანი იმ ეტაპზე, ამას ჩვენს წერილში ქვემოთ შევეხებით.
1923 წლის დასაწყისში საქართველოს საპატრიარქოში მოვიდა კონსტანტინოპოლის მთავარეპიკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის, მელეტი IV -ის (კონსტანტინოპოლის პატრიარქი 8.12.1921-20.09.1923) (და არა ბასილი მესამისა,რომელიც პატრიარქობდა 1925-1929 წლებში, როგორც ერთ მონოგრაფიაშია მითითებული) ეპისტოლე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი, სადაც მისი ყოვლადუწმინდესობა ატყობინებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს მმართველობას, რომ წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო საპატრიარქო გადადიოდა ახალ სტილზე, და ურჩევდა მათ, რომ საქართველოს ეკლესიასაც მიებაძა მათთვის.
1923 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (რომელიც ამ დროს უკვე საპატიმროში იმყოფებოდა) ლოცვა-კურთხევით გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1923 წლის 1 ნოემბრიდან უძრავი დღესასწაულები აღინიშნებოდა ახალი სტილით (მოძრავნი-აღდგომა და მასზე დამოკიდებულნი რჩებოდა ძველი სტილზე), ამ განჩინებას ხელს აწერდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარე, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), დეკ.გიორგი გამრეკელი, გერასიმე იმნაიშვილი და ივანე რატიშვილი.
ეს განჩინება სრული სისავთ სრულდებოდა 1925 წლის გაზაფხულამდე, ე.ი. 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძრავ დღესასწაულებს აღნიშნავდა ახალი სტილით [4], ზუსტად ისე როგორც ამჟამად 11 ავტოკეფალური ეკლესია დღესასწაულობს, თუ რა მოხდა 1925 წლის გაზაფხულზე და რატომ ჩაიშალა ეს წამოწყება, ამის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს დიდი საეკლესიო მოღვაწე და სწავლული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის უნიკალური მნიშვნელობის მემუარისტულ-ისტორიოგრაფიულ ნაშრომში ”მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან”, (ეს ნაშრომი მან დაწერა 1927 წელს მიტროპოლიტის ხარისხში მყოფმა, გამოქვეყნდა მხოლოდ ამ ბოლო წლებში, იხ.:”ქართული მწიგნობრობა”, ტ.9, ტომის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, რედაქტორ-გამომცემელი აკაკი ბრეგაძე, გამომცემლობა ”ციცინათელა”, თბ. 2010) .
ამ ნაშრომში მისი უწმინდესობა მოგვითხრობს, რომ ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა ეპისკოპოსების ქრისტეფორე ციცქიშვილისა და დავით კაჭახიძის მეთაურობით 1925 წლის დასაწყისში მოინდომეს აღდგომის დღესასწაულის ახალი სტილით აღნიშვნა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს 1923 წლის 24 ოქტომბრის განჩინებას, ასევე კონსტანტინოპოლის და ზოგიერთი სხვა ადგილობრივი (ავტოკეფალური) მართლმადიდებელ ეკლესიების განჩინებებს, რომლებიც მხოლოდ უძრავ დღესასწაულთა შესწორებას ითვალიწინებდნენ და არა აღდგომის პასქალიისას, გასაგები მიზეზით: ”დიდი რჯულისკანონის” კანონიკური განწესებით, კერძოდ ნიკეის პირველი მსოფლიო კრებაზე მიღწეული შეთანხმებით, (რაც დაფიქსირებულია ანტიოქიის კრების პირველ კანონში ყველა მართლმადიდებელი, ადგილობრივი, წმინდა ეკლესია ვალდებულია აღდგომა იზეიმოს ერთდროულად, ამ კანონით დაიძლია მეორე საუკუნიდან მომდინარე დავა სხვადასვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის გამო და მიღწეულ იქნა შეთანხმება აღდგომის ერთსულოვანი დღესასწაულის, სხვა დღესასწაულებზე , როგორც მეორეხარისხოვანთზე ასეთი დიდი დავა-კამათები არ წარმოშობილა, მიუხედავად იმისა, რომ თვით ქრისტეს შობის დღესასწაული V საუკუნის ჩათვლით განსხვავებულად აღინიშნებოდა რიგ ეკლესიებში.
ამ და სხვა დღესასწაულებზე ეს აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად აღდგომის პასქალიის გასწორება უნდა მოხდეს ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხოლო რადგანაც ეს კანონიკური აკრძალვა არ ეხება სხვა დღესასწაულებს (ანუ უძრავთ), რიგმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა შეასწორეს ისინი ინდივიდუალურად, ხოლო საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, ეპისკოპოს ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით, მოინდომა, რა ამ კანონიკური ნორმის დარღვევა, გამოიწვია სამართლიანი არეულობა ეკლესიაში, სამღვდელოების და მრევლის უმრავლესობა უარყოფითად შეხვდა აღდგომის პასქალიონის თვითნებურ შესწორებას.
მისი უწმინდესობა, კალისტრატე წერს: ”საკათალიკოსო № 2 საბჭოს (მეორეს იგი უწოდებს, ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით მოქმედ საბჭოს, განსასხვავებლად წინა საბჭოსაგან, რომლის წევრები 1923 წლიდან დაპატიმრებული ყავდა საბჭოთა ხელისუფლებას–მღ.ი.ჭ.) კი მოესურვა გადაეჭარბებია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრაქტიკისა და შრომის კომისარიატისთვისაც: 1924 წლის პრაქტიკას თავი დაანებეს (ე.ი. უძრავ დღესასწაულთა აღნიშვნა ახალი სტილით, ხოლო ძველი სტილით აღდგომისა მასზე დამოკიდებულ მოძრავ დღესასწაულთა– მღ. ი.ჭ.) და გადაწყვიტეს პასექის დღესასწაულობა პაპის გრიგოლ XIII კალენდრის მიხედვით.
როდესაც №2 საბჭოს გადაწყვეტილება გამომჟღავნდა, მან მიიღო პროტესტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან” და საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარების გამო განაცხადა:”მე ნება დავრთე ჩვენი ეკლესია გადასულიყო ახალ სტილზე იმ პირობით, რომ წინასწარ მოემზადებინათ და გაეფრთხილებინათ ხალხი. დამარწმუნეს (კათოლიკოზი იმ დროს შინაურ პატიმრობაში ბრძანდებოდა) საჭირო ზომები მიღებულია და ხალხი მზად არისო” , შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო პატრიარქმა გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა კალენდრის შესწორება და მისი ლოცვა-კურთხევით 1925 წლის 11 მარტს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დაბრუნებისა.
ამ ფაქტით გულდაწყვეტილი კალისტრატე ცინცაძე შენიშნავს, რომ კალენდრის შესწორების ცდა ჩაშალა: ”მოუსაზრებლობამ და აჩქარებამ. ”რეფორმების” შემოღებისათვის საეკლესიო სფეროში, სადაც დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ”ნებაყოფლობით თანხმობაზე”, საჭიროა ფრთხილი ნაბიჯები, იმდენად ფრთხილი, რომ ერთის შემდეგ მაშინვე არ შეიძლება მეორის გადადგმა, უნდა გამოკვლეულ იქნას ნიადაგი.
ამის შემდეგ უნდა გადაიდგას მეორე, უკან დახევა კი შეუძლებლად უნდა იყოს ცნობილი. აჩქარებული ნაბიჯების გადაუდგმელობისათვის საკმაო იყო მოქალაქე ვ.ბახტაძის წერილი ”საქართველოს პატრიარქ–კათალიკოსის დროებითი მოადგილე ქრისტეფორე ციცქიშვილი და ქრისტეს აღდგომა 1924 წელს” (კომუნისტი,1924,IV,27, №96), რომელიც მოგვითხრობს 1924 წლის აღდგომის დღესასწაულობას (ჯერ გამოცხადებული იყო ახალი პასქალიონით, შემდეგ ძველით) ისტორიას და თავდება ასე:”საჭირო დასკვნის გაკეთება მიგვინდია მათთვის, რომელთაც კიდევ სწამთ ქრისტეფორე ციცქიშვილის ეკლესია”. Sapient sat!“ .
წარმოდგენილი ისტორიული ექსკურსის შესაჯამებლად კი ისევ დიდ მღვდელმთავარ კალისტრატეს შეფასებას მოვიხმობთ:”დარწმუნებული ვარ, საკათალიკოსო №2 საბჭოს პასექისა და მასზედ დამოკიდებულის მოძრავ დღესასწაულების უქმობა რომ დაევალებია კონსტანტინეპოლის სინოდის ცირკულიარის მიხედვით ძველი პასქალიონით, დღეს ჩვენ უძრავი დღესასწაულები მაინც გვექნებოდა ახალ სტილზე”.
1927 წლის 21-27 ივნისს მოწვეულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრება, რომელმაც 24 ივნისს მიიღო განჩინება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემორებისა. ამ საკრებო გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა (ასე ეწოდებოდა საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მუდმივმოქმედ მმართველ ორგანოს (ხოლო არამუდმივი, მაგრამ უმაღლესი მმართველო ორგანო ეკლესიისა, არის საეკლესიო კრება, ანუ გაფრათოებული კრება), საქართველოს ეკლესიაში 1927-1945 წლებში, რომელშიც პატრიარქთან და ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრებთან ერთად, შედიოდნენ საეკლესიო კრების მიერ არჩეული 6 მღვდელი) გამოსცა დადგენილება ”სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა მიმართ”, სადაც აღნიშნულიამოგვყვავს მისი ტექსტი სრულად: ”ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მღვდელმთავანი, აღსასრულებლად სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების ამა 1927 წლის ივნისის 24 დადგენილებისა,–საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, – ვაცხადებთ სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელმძღვანელოდ: ახალი სტილის კალენდარი შემოღებულ იქმნას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამა 1927 წლის ნოემბრის 27-დან (ძველი სტილით ნოემბრის 14-იდან).
ყველა უძრავი დღესასწაულები და წმიდათა ხსენებანი გადახდილ იქმნას ხსენებულ რიცხვებიდან, ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში როგორც უჩვენებენ საეკლესიო წიგნები.
რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულია სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირთ ევალება განკარგულება ესე, დაფუძნებული სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების დადგენილებაზე, მტკიცედ და უცვლელად შეასრულონ. ამასთანავე უტყუარ ცნობათა თანახმად, ვამოწმებთ, რომ მსოფლიო ( კონსტანტინრპოლის) საპატრიარქო ეკლესიადა მასთან ერთად საბერძნეთისა (ელლადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიგადასულნი არიან ახალ სტილის კალენდარზე.
ჩვენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოუწოდებთ ჩვენს სამწყსოთა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისათვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადს ცამეტის დღით.
ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის ბასილის სიტყვებს: ”მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისათვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ” ( ეპისტოლე მსოფლიო კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბასილისა და კონსტანტინეპოლისავე სინოდისა 1927 წ. თებერვლის 17 –დან) . 1927 წლის ოქტომბრის 12 ” .
ამ სინოდალურ განჩინება-ეპისტოლეს ხელს აწერენ: სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე ( ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), ურბნელი ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე), წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), ბოდბელი ეპისკოპოსი წმ. სტეფანე აღმსარებელი (კარბელაშვილი), მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე, შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს, გარდაიცვალა გადასახლებაში, ე.ი. ფაქტობრივად აღმსარებელი), ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) . მიუხედავად განჩინების კატეგორიული ტონისა, ეპარქიებში (თბილისისაგან განსხვავებით) სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილის წინააღმდეგობისა შესწორებული კალენდრისადმი ( ე.წ. ახალი სტილისადმი) და ძველი კალენდრის (ე.წ. ძველი სტილის) მომხრეობის გამო შექმნილი არეულობის გამო მომდევნო 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო განჩინება ახალი სტილის დროებით (!) შეჩერებისა და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნებისა:
” ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რის მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათის აზრით ახალი კალენდრით დღესასწაულების და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა, ასე მსჯელობს არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც.
ახალი კალენდრის შემოღება უაღრესდ ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასასვენებელ დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოზო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავნი და მოძრავნი სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით”. საკათალიკოსო სინოდი მღვდელმთავრებს ავალებდა მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ .
აგვარად, 1928 წელს კალენდრის შესწორების საკითხი უვადოდ გადაიდო, 1930-იან წლებში ეკლესიის განადგურების პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, 1940 წლისთვის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში მხოლოდ 15 ტაძარიღა რჩებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, სამღვდელოების რიცხვი ასევე კატასტროფულად მცირდებოდა დახვრეტების, რუსეთის შორეულ პროვინციებში გადასახლების და საკუთარი ნებით სამღვდელო ხარისხიდან განდგომების, ასევე ბუნებრივი სიკვდილიანობის ხარჯზე, ახალი თაობა აღარ მოდიოდა სამღვდელო დასში, ეკლესიის დევნის კულმინაცია იყო თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დახურვა 1940-1941 წლების მიჯნაზე და საქართველოს დედატაძრის, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დალუქვა 1941 წლის 13 ივლისს (სიმბოლურია, თორმეტი მოციქულთის ხსენების დღეს, რომელიც არის სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაული) შეწერილი გადასახედების გადაუხდელობის გამო. 1940 წლის 19 მარტს პატრიარქმა კალისტრატემ საპროტესტო მიმართვა გაუგზავნა საქართველოს სსრ-ს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანს, კ. ჩარკვიანს, საიდანაც წარმოგიდგენთ ამონარიდს: ”სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, აღგვილი პირისაგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი” .
ეს მოკლე მიმოხილვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარებისა, იმისთვის წარმოვადგინეთ, რომ გავიაზროთ ნათლად: ეკლესიის ტოტალური ნგრევის პირობებში, კალენდრის ცვლილების საკითხის დასმა სრულიად წარმოუდგენელი იყო, ხოლო 1942-1943 წლებიდან, როდესაც ომის შედეგად კრიზისში შესულმა სტალინურმა რეჟიმმა დაიწყო ეკლესიისადმი მცირე შეღავათების მინიჭება პოლიტიკური მოსაზრებით და პარალელურად ეკლესიის ”დაგეგმვის” პოლიტიკის განხორციელება, კალენდრის რეფორმის საკითხს საბოლოოდ დაესვა წერტილი.
დღეს, ზოგიერთნი ცდილობენ კალენდრის რეფორმირების საკითხი საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივად გაასაღონ, რაც უდიდესი მორალული დანაშაულია განსვენებული პატრიარქების წმ. ამბროსის, ქრისტეფორეს და კალისტრატეს და იმ პერიოდის ქართველი მღვდელმთავრების წინაშე, ამ ლოგიკით მათ ღვთისმოსაობას, მრწამს და ეკლესიურ მოღვაწოებას ( და საერთოდ ადამიანურ პრინციპებს) დიდი შეურაცხყოფა ადგება. მავანთ უნდა ახსოვდეთ, რომ სარწმუნოებრივ საკითხში კონფორმიზმი მიუტევებელი დანაშაულია, ხოლო კალენდრის ცვლილების საკითხი ზოგადმართლმადიდებლური საკითხი იყო და ძირითადად, სწორედ საბჭოთა კავშირში ვერ განხორციელდა, სწორედ მთავრობის პოლიტიკის გამოისობით, განსხვავებით საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიებისა, სადაც მხოლოდ იერუსალიმის და სერბეთის საპატრიარქოები რჩებიან “ძველ სტილზე”, ხოლო უკლებლივ ყველა სხვა, 11 ავტოკეფალური ეკლესია, გადასულია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე (ე.წ. ახალი სტილი). საბჭოთა ხელისუფლებას რომ მოენდომებინა “ახალი სტილის” დანერგვა მართლმადიდებელ ეკლესიაში 1940–იან წლებში და შემდგომ პერიოდში, ეს საკითხი უპობლემოდ გადაწყდებოდა, რადგან ამ პერიოდიდან ეკლესია სრულიად დაქვემდებარებული აღმოჩნდა ხელისუფლებაზე.
კალენდრის შესწორების მცდელობის ჩაშლა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში უნდა აიხსნას ორი ძირითადი მიზეზით:
1. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბასილი III-ის ზემოთმოყვანილი სიტყვებით: ”მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისათვის” (აქ იგულისხმება პირეველ რიგში ახალწლის დამთხვევის აცილება საშობაო მარხვაში, ორი კალენდრის ზედმეტობა, ძველი სტილის აშკარა ასტონომიული ცდომილება), ხოლო თანახმად უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა: ”საკავშირო მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ასეთი იყო: რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ეკლესიაში, მით უკეთესი” ;
2. საბჭოთა ხელისუფლების მიზანდასახულობა კავშირში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია გაეუცხოებინა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ მოძმე ეკლესიებთან, რა პოლიტიკასაც ზოგადად ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან მიმართებაში. ამდენად 1940-იან წლებში ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა და გადაიდო ხანგრძლივი ვადით მომავლის პერსპექტივაში, ხოლო დიდი კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს მიერ ციტირებული ზემოთმოყვანილი სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ : საჭირო დასკვნის გაკეთება მოგვინდია თქვენთვის…
მღვდელი ილია ჭიღლაძე































































