საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
"მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს.
"თქვენი კითხვები ძირითადში ან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან არის დაკავშირებული, ან მომავალ პრემიერ-მინისტრთან. მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. არსებულ პოლიტიკურ გუნდში მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას მყისიერად, ასევე როგორც კი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარმოადგინეს, მაშინვე დავუჭირე მხარი მყისიერად. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს გიორგი კვირიკაშვილს. იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს ურთულეს ამოცანებს თავს. მე კვირიკაშვილთან ბევრჯერ ვარ შენახვედრი", _ აღნიშნა მარგველაშვილმა.