სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართული საზოგადოების მიუღებლობა ამ დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის", _განაცხადა პრეზიდეტმა.
მისივე თქმით, მას სურს საზოგადოებას უთხრას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნულმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა.
"სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.